ახალი ამბები

სასამართლომ საარჩევნო დავების უმეტესობა არ დააკმაყოფილა

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოებში სულ ქვეყნის მასშტაბით 51 საჩივარი შევიდა და თითქმის ყველა საუბნო და საოლქო შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ეხებოდა, თუმცა სასამართლომ ამ დრომდე მხოლოდ 7 უბნის შედეგები გააბათილა.


ესენია ზესტაფონის #1; გორის #3; ხარაგაულის #2 და ბოლნისის #1 უბნები, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ”მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა”. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილებები არჩევნების საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.


უზენაესი სასამართლოს სპიკერ მოსამართლის ნინო ქადაგიძის განცხადებით, ამ დროისათვის 51 სარჩელიდან 10 საქმის განხილვა კვლავაც მიმდინარეობს, ხოლო 41 საქმის განხილვა დასრულდა, საიდანაც 36 საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სარჩელების უმეტესობა ოპოზიციური კოალიციის მიერ იყო შეტანილი.


”თითქმის ყველა გადაწყვეტილება გასაჩივრებული გახლავთ ზემდგომ სასამართლოში, სადაც ჯერ-ჯერობით სარჩელების განხილვა არ დასრულებულა და ალბათ ხვალ-ზეგ ამ ეტაპის საარჩევნო დავები ამოწურული იქნება, რადგან ვვარაუდობთ, რომ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით ფაქტიურად სასამართლოებში აღარ იქნება სარჩელები შემოტანილი, თუმცა ეს არ ეხება ცესკო-ს, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია,”- განაცხადა ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


ცესკო-მ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 13 იანვარს უნდა დაამტკიცოს. სპიკერ-მოსამართლის განცხადებით, სასამართლოებში მიმდინარე დავები ცესკო-ს გადაწყვეტილებას ბარიერს ვერ შეუქმნის.


 

მსგავსი/Related

Back to top button