ახალი ამბები

სააკაშვილი დაპირებების შესრულებას ჩქარობს, ოპოზიცია კი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტად იქნა არჩეული, 12 იანვარს განაცხადა, რომ ის აპირებს წარადგინოს ”მაქსიმალურად ყოვლისმომცველი მთავრობა”, სადაც თანამშრომლობა ოპოზიციასაც შესთავაზა.


სააკაშვილის პრესკონფერენცია ოპოზიციური პარტიების მიერ 13 იანვარს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციების მომზადების ფონზე გაიმართა. ოპოზიციის თქმით, ხელისუფლებამ არჩევნების შედეგების მანიპულირება მოახდინა, რათა სააკაშვილის გამარჯვება პირველ ტურშივე უზრუნველყოთ. ისინი მეორე ტურის ჩატარებას მოითხოვენ. ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს 13 იანვარს დაამტკიცებს, რის შემდეგაც ოფიციალურად მოხდება პირველ ტურში სააკაშვილის გამარჯვების დადასტურება. 


სააკაშვილმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ მისი ხელისუფლება გაახმოვანებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ განხორციელდეს მისი წინასაარჩევნო ლოზუნგი: საქართველოს სიღარიბის გარეშე.


”ჩვენ 50 დღის განმავლობაში ჩამოაყალიბებთ და შევქმნით მექანიზმს იაფი კრედიტის გაცემის, ახალი საწარმოების შექმნის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით,” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს, ”ამისათვის ჩვენ გვჭირდება ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და მე გუშინ შევხვდი საპარლამენტო უმრავლესობას და წინასწარ გავაფრთხილე – ჩვენ გვჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ ავამუშავოთ იაფი კრედიტების პროგრამა. ჩვენ გვინდა 50 დღე იმისათვის, რომ მთავრობამ წარმოადგინოს საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები იმისათვის, რომ გაწეროს ზუსტი გრაფიკი პენსიის 100 დოლარამდე აწევის უახლოესი თვეების და წლების განმავლობაში”.


”50-დღიანი გეგმის ათვლა იწყება ხვალინდელი დღიდან [13 იანვარი]. ამრიგად 50 დღის თავზე ჩვენ გვექნება კონკრეტული მექანიზმი, კონკრეტული სამოქმედო გეგმა,” – დასძინა მან, ”მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე დაჩრდილა პოლიტიკურმა ბატალიებმა. ახლა დროა მივხედოთ ეკონომიკას; ჩემი და ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი წინასაარჩევნო ლოზუნგი და დაპირებები; ეს აღარ არის ლოზუნგი, ეს უკვე არის მოქმედების გეგმა – საქართველო სიღარიბის გარეშე”.


მან ასევე განაცხადა, რომ იგეგმებოდა ცვლილებები ”აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დონეზე”, რათა შეიქმნას ”ყოვლისმომცველი და პროფესიონალური გუნდი”.


”რამდენი კითხვაც არ უნდა დამისვათ, ამას ვერ გიპასუხებთ ვინ იქნება ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის ფართო კონსულტაციების საგანი,” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


”ჩვენი ამოცანაა საქართველო სიღარიბის გარეშე და გაერთიანებული საქართველო. ყველა ადამიანს, ვისაც სურს, რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის ოპოზიციონერებმა, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ… დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ჩამოყალიბდეს მაქსიმალურად ყოვლისმომცველი მთავრობა; ყველას შეუძლია ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში; ამისთვის მზად ვართ”.


პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრის კომენტირებისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ხელისუფლების მზადყოფნის გამოხატულება გამართოს დიალოგი ყველა ოპონენტთან.


”ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის დიალოგისთვის,” – განაცხადა მან და იქვე დასძინა: ”ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებულნი და არა წარსულზე. გარკვეული მიზეზების გამო, დღეს არ გვინდა წარსულზე საუბარი, ჩვენ გვინდა მხოლოდ მომავალზე საუბარი”.

Back to top button