რუსეთი საქართველოსგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის
რუსეთი ურთიერთობების მოგვარების მიზნით საქართველოსგან კონკრეტულ ქმედებებს მოელის, განუცხადა 9 იანვარს რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ ჟურნალისტებს.
მან ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ გააკეთა. სააკაშვილმა 8 იანვარს პოლიტიკურ თოქშოუში საუბრისას განაცხადა, რომ მზადაა რუსეთს გაუწოდოს ხელი და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები იმ შემთხვევაში, თუ იქნება მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტად.
”ჩვენ სიტყვები ბევრი მოგვისმენია, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ამ სიტყვებს მოჰყვეს კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული საქმეები,”- განაცხადა კოვალენკომ, ”რუსეთი ელის საქართველოსგან კონკრეტულ ნაბიჯებს, კონკრეტულ მოქმედებებს, რომელიც შესაძლებელი იქნება შეფასდეს, როგორც მისწრაფება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისაკენ”.
რუსეთი მხარს არ უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და სანაცვლოდ მისი ნეიტრალური სტატუსის მომხრეა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)