skip to content
ახალი ამბები

პატარკაციშვილის მოკავშირე სახელმწიფო შეთქმულების მომზადებაშია ეჭვმიტანილი

ბიზნესმენის და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დეპუტატი ვალერი გელბახიანი ეჭვმიტანილია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადებაში, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ.


მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულის მომზადების ფაქტზე შსს-ს სპეციალურ ოპერატიული დეპარტამენტში (სოდ) საქმე 17 დეკემბერს აღიძრა მას შემდეგ, რაც სოდ-ის დირექტორმა ერეკლე კოდუამ განაცხადა, რომ მას შეხვედრა ჰქონდა დანიშნული ყოფილ მოსამართლესთან მარინა გაბუნიასთან, რომელიც ამჟამად ასევე ეჭვმიტანილია შეთქმულების მომზადებაში.


გენპროკურატურამ გაავრცელა 18 დეკემბრის და 21 დეკემბრის ფარული ვიდეო-ჩანაწერი შეხვედრებისა, რომელსაც ესწრებოდნენ ერეკლე კოდუა, ვალერი გელბახიანი და მარინა გაბუნია. გვარამიას განცხადებით, ანალოგიური შეხვედრები შედგა 17, 18, 19 და 21 დეკემბერს.


ვიდეო-ჩანაწერში ვალერი გელბახიანი საუბრობს არჩევნების მეორე დღეს, 6 იანვარს მასობრივი არეულობის ინსპირირებაზე და კოდუას, შესაბამისი ფინანსური და პოლიტიკური გარანტიების მიღების სანაცვლოდ, შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას თხოვს.


”ჩვენ დავხარჯავთ ბევრ ფულს იმისთვის, რომ თბილისში და საქართველოს მთელ ქალაქებში ერთად გამოვიყვანოთ ბევრი ხალხი, აქ დავდგამთ ძალიან სერიოზულ სპექტაკლს რა და როცა უკვე ქვეყანაში არის უმართავი პროცესები, მაშინ უნდა ძალაუფლებას ხელში აღება… ეს არ იქნება სპონტანური დაძახება… არჩევნების ხელოვნური ბლოკირება მოხდება, არჩევნების დღეს მოეწყობა პროვოკაციები და არჩევნები ჩაიშლება,”- აცხადებს გელბახიანი ვიდეო-ჩანაწერში.

”ხალხმა ფონი უნდა შექმნას. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ხალხი გარეთ გამოდის,”- აცხადებს გელბახიანი,  ”დათმობაზე და შედეგის შეგუებაზე  – ეს არის გამორიცხული. ყველაზე რთული პროცესი იწყება 6-ში [იანვარს]”  


18 დეკემბერს შემდგარი შეხვედრის შემდეგ გელბახიანი ისრაელში გაემგზავრა, სადაც შეხვდა ბადრი პატარკაციშვილს. გვარამიას ინფორმაციით, 21 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ კოდუა ლონდონს სტუმრობდა.


”გამოძიებას შეუძლია დღეს უტყუარად დაგიდასტუროთ, რომ ბატონი კოდუას შეხვედრა არკადი პატარკაციშვილთან ლონდონში შედგა და გამოძიება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს,”- განაცხადა გვარამიამ. 


მისი თქმით, დეპუტატ გელბახიანის წინააღმდეგ ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რისგანაც სადეპუტატო იმუნიტეტი მას არ იცავს.


”თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელსაც სჭირდება პარლამენტის თანხმობა: დაკავება, დაპატიმრება, ჩხრეკა ის მიმართავს პარლამენტს,”- განაცხადა გვარამიამ, ”მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვალერი გელბახიანის ეჭვმიტანილი სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და იგი სწორედ ამ სტატუსით იქნება დაბარებული და დაკითხული”.

იმავდროულად, ვალერი გელბახიანი ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში, რომელიც ფარული ვიდეო-ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ შედგა, აცხადებს რომ პატარკაციშვილის შტაბი გამოიყენებს თავის ორგანიზაციულ რესურსს და მოუწოდებს ”ამ ხალხს, რა თქმა უნდა, რომ პროტესტი გამოხატოს იმ გაყალბების მიმართ, რასაც ხელისუფლება აპირებს”.


”ერთადერთი საუბრის მოტივაცია იყო, რომ ხელისუფლება აპირებს დაჭერებს 6-ში… ყველა ლიდერის დაჭერას აპირებს ხელისუფლება, ემზადება ამისთვის, თვითონ კოდუა მეუბნება ამას, მაგრამ რატომღაც ჩანაწერში ეს არ ჩანს და მე ვეუბნები, რომ არ უნდა გააკეთოთ ეს არცერთ შემთხვევაში,”- განუცხადა დღეს ”რუსთავი 2”-ს გელბახიანმა და აღნიშნა, რომ დეტალურ განცხადებას თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ სად იმყოფებოდა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button