ახალი ამბები

”რუსთავი 2” პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმის მონაწილეს ასახელებს

ის პიროვნება, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმას განიხილავდა, სავარაუდოდ, ჩეჩენ მებრძოლთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გია დგებუაძე, მეტსახელად ”მასტერაა”, განაცხადა ”რუსთავი 2”-მა 23 დეკემბერს.


საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ”ან დაადასტუროს, ან უარყოს ეს ინფორმაცია”. ”ჩვენ მხოლოდ შევძლებთ დეტალებზე საუბარს, როდესაც ჩანაწერი შემოწმდება,” – განუცხადა მან ”რუსთავი 2”-ს.


შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ გია დგებუაძე სამინისტროდან 2007 წლის აპრილში გაათავისუფლეს.


The Sunday Times-ი  23 დეკემბერს ფარული აუდიო ჩანაწერის თანახმად იტყობინებოდა, რომ ბიზნესმენისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა იგეგმებოდა. გაზეთი, რომლის მფლობელიც News Corporation-ია (პატარკაციშვილის პარტნიორი მედია ჰოლდინგ ”იმედში”), აცხადებს, რომ Times-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აუდიომასალა, რომელიც შარშან ივნისშია ჩაწერილი, ასახავს საუბარს, სავარაუდოდ, დაქირავებულ ჩეჩენ მკვლელსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეს შორის. გაზეთის ცნობით, მკვლელობას უკვეთავდნენ ჩეჩენ მებრძოლს უვაის ახმადოვს, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ გეგმის მიხედვით მოქცეულიყო, ბიზნესმენის მოკავშირეები საუბრის შესახებ გააფრთხილა.


პატარკაციშვილი, რომელიც უმეტესად ლონდონსა და ისრაელში იმყოფება, უარს აცხადებს საქართველოში ჩამოსვლაზე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის მოტივით.


ამასობაში, საქართველოს ხელისუფლებამ უარყო პატარკაციშვილის ბრალდებები, როგორც მცდელობა ”არჩევნების შემდგომი დესტაბილიზაციისთვის” საფუძვლის შესაქმნელად. 


”ბადრი პატარკაციშვილის მორიგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმება, პირველი არ არის და ამან უკვე ტენდენციის, თუ ტრადიციის სახე მიიღო,” – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ, ”მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ეს განცხადება არ დასტურდება… ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი იმდენად, რამდენადაც მართლა ტენდენციის სახე მიიღო უკვე ამან … ხვალ 12 საათზე ჩვენ პრესკონფერენციას მოვიწვევთ და ინფორმაციას მივაწვდით პრესას ამ სამწუხარო ტენდენციის შესახებ”.  


სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ პატარკაციშვილის განაცხადება მხოლოდ წინასაარჩევნო ხრიკი არ იყო. ”ეს მიზნად ისახავს არჩევნების შემდგომი დესტაბილიზაციისთვის ნიაგადის მომზადებას,” – განაცხადა ბარამიძემ.


მმართველი პარტიიდან დეპუტატ პავლე კუბლაშვილის შეფასებით, ამგვარი ”დეზინფორმაცია” მიზნად ისახავს ”ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას” და წინასაარჩევნო კამპანიიდან ყურადღების გადატანას.


”ეს, თავის მხრივ, პირდაპირ უკავშირდება 6 იანვრის საკითხს,” – განაცხადა კუბლაშვილმა.


დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ პატარკაციშვილის განცხადებამ მას გაახსენა აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც ხშირად აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები იგეგმებოდა. ”იგივე სახეები გვევლინება აქაც, მათ შორის ვალერი გელბახიანი და გიორგი თარგამაძე,” – განაცხადა თარგამაძემ.


გაზეთის ამ მასალას წინ უძღოდა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის მიერ ვიდეო-მასალის გავრცელება, სადაც გადამდგარი ქართველი პოლკოვნიკი აცხადებს, რომ ის ქართველმა გამომძიებლებმა აიძულეს პატარკაციშვილის წინააღმდეგ ყალბი ჩვენება მიეცა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button