
რუს სამშვიდობოებსა და ქართველ ჟურნალისტებს შორის ენგურის ხიდთან ინციდენტი მოხდა
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, ენგურის ხიდთან დღეს რუს სამშვიდობოებსა და ქართველ ჟურნალისტებს შორის ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც რუსმა ოფიცრებმა ტელეკომპანიების ”საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და ”მზის” გადამღებ ჯგუფებს არ მისცეს ვიდეო-კადრების გადაღების საშუალება.
ჟურნალისტები ცდილობდნენ კამერით აღებეჭდათ ენგურის ხიდზე მიმოფანტული ბუკლეტები სათაურით – ”ჩვენ ვბრუნდებით”, თუმცა რუსმა სამშვიდობოებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. სიუჟეტში ჩანდა მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა და ტელეკომპანია ”მზის” დაზიანებული მიკროფონი.
ქართულმა მხარემ უკვე მოითხოვა ამ ფაქტზე გამოძიების დაწყება და ყველა დამნაშავის დასჯა, ასევე რეაგირება გაეროს დამკვირვებელთა მისიის მხრიდან.
”ჩვენ მოვითხოვთ დასჯას, მათ შორის პოსტის უფროსის, იქ მყოფი ოფიცრების და უშუალოდ იმ ადამიანების, ვინც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებს და ვინც დაუზიანა მათ კუთვნილი ტექნიკა,”- განაცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე 14 დეკემბერს, ”ეს არის თავნებობა და თვითნებობა რუსული არმიის მხრიდან, რომელიც კიდევ ერთხელ გვანახებს: ეს არ არის კონტიგენტი, რომელმაც შეიძლება ობიექტურად და ნეიტრალურად უზრუნველყოს კონფლიქტის მოგვარება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)