ახალი ამბები

ერაყში და კოსოვოში ქართველი ჯარისკაცები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომაზე 11 დეკემბერს ჩავარდა დადგენილება, რომელიც ერაყსა და კოსოვოში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი ჯარისკაცებისათვის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის წესებს განსაზღვრავდა.


ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის მიღებასაც 2/3 ანუ მინიმუმ 9 წევრის მხარდაჭერა სჭირდებოდა, ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა მისცეს ხმა.


რესპუბლიკური პარტიის მიერ დანიშნულმა ცესკოს წევრმა ზურაბ მარაქველიძემ დადგენილების წინააღმდეგ მიცემული ხმა იმით ახსნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას.


მმართველმა პარტიამ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ ცესკოს 6 ოპოზიციური პარტიის პოზიციის გამო ”ხმის უფლება ჩამოერთვათ” ქართველ ჯარისკაცებს ერაყსა და კოსოვოში.


”გუშინდელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთადერთი მიზეზით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატისათვის მიხეილ სააკაშვილისთვის დაეკარგათ ის 2 ათასი ხმა [ერაყში მომსახურე ჯარისკაცების], რომელსაც ის აიღებდა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ახალი ქართული არმიის შემქმნელი,”-განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ, ”გუშინ ჯარისკაცებს წაართვეს არჩევანის უფლება და ეს ადამიანები გადააქციეს საქართველოს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად”.


პრესკონფერენციაზე ბაქრაძის გვერდით იდგნენ საერთაშორისო მისიებში ნამსახურები ქართველი სამხედროები.


”თუ არსებობს წესები, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილეობას იღებს ამერიკელი ჯარისკაცი, იტალიელი ჯარისკაცი, ლიტველი ჯარისკაცი… რატომ არ აქვს არევნებში მონაწილეობის უფლება ქართველ ჯარისკაცს?”- განაცხადა ბაქრაძემ, ”ამ კითხვაზე, სამწუხაროდ, არსებობს პასუხი: აი რატომ არ გვინდოდა ჩვენ პარტიული პრინციპით დაკომპლექტებული ცესკო”.    


ბაქრაძის განცხადებით, მმართველი პარტია გაასაჩივრებს ცესკოს გადაწყვეტილებას და ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს, რათა დაუბრუნოს ხმის უფლება საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს.

Back to top button