ტელეკომპანია ”იმედი” მაუწყებლობას 12 დეკემბერს განაახლებს
ტელეკომპანია ”იმედი” მაუწყებლობას 12 დეკემბერს 20:00 საათიდან განაახლებს, ნათქვამია ტელეკომპანიის მორბენალ სტრიქონზე.
მაუწყებლობა საინფორმაციო პროგრამით ”ქრონიკა” განახლდება, ხოლო მოგვიანებით იმავე დღეს გავა პოლიტიკური თოქ-შოუ ”ღია ეთერი”.
8 დეკემბერს სტუდია ”მაესტროს” გადაცემა ”პროფესია – ჟურნალისტი” საუბრისას ”იმედის” პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ”იმედის” ტექნიკური პერსონალი ”თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობას სტუდიის აპარატურის აღსადგენად.
მისი თქმით, საეთერო მთლიანად განადგურებულია. შიდა სატელეფონო ქსელი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ კავშირი მთლიანად განადგურებულია. ”ის ხალხი, ვინც ეს გააკეთა, ამის მცოდნე იყო, რადგანაც მათ აპარატურის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე მიიტანეს იერიში, რათა ჩვენთვის მეტი პრობლემები შეექმნათ,” – განაცადა თარგამაძემ.
ხელისუფლება უკვე დაპირდა ტელეკომპანიას ზარალის ანაზღაურებას; თუმცა, ეს არ გულისხმობს იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც ტელევიზიამ სარეკლამო შემოსავლებში განიცადა. ეს თანხა დაახლოებით 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
გიორგი თარგამაძემ ასევე განაცხადა, რომ ხელმძღვანელობა ინტენსიურად მუშაობს იმ ვაკუუმის შესავსებად, რომელიც ტელეკომპანიიდან რამდენიმე ჟურნალისტის წასვლის შემდეგ გაჩნდა. ”იმედი” დატოვეს პოლიტიკური თოქ-შოუს ”ღია ეთერის” წამყვანებმა ინგა გრიგოლიამ და ეკა ხოფერიამ, ასევე საინფორმაციო გადაცემის ერთმა წამყვანმა და ორმა ჟურნალისტმა.
ეკა ხოფერია ამჟამად რადიო ”უცნობის” გადაცემის წამყვანია, ხოლო გრიგოლია პოლიტიკურ თოქ-შოუს ”პრაიმ-ტაიმს” უძღვება, რომელიც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა 10 დეკემბერს გაუშვა პირველად ეთერში. გრიგოლიამ ”რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მან ”იმედიდან” წამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტელეკომპანიის მფლობელმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა.
გიორგი თარგამაძის თქმით, საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკის” წამყვანი მაგდა ანიკაშვილი პოლიტიკურ თოქ-შოუს ”ღია ეთერს” წაიყვანს.
რადიო ”იმედმა” უკვე განაახლა მაუწყებლობა, მათ შორის საათში ერთხელ საინფორმაციო გადაცემების გაშვება. რადიო ”იმედი” თოქ-შოუების განახლებასაც გეგმავს.
რადიო ”იმედი” ტელევიზიასთან ერთად 7 ნოემბერს, პოლიციის რეიდის შემდეგ დაიხურა. თუმცა, ტელევიზიისგან განსხვავებით, რადიო ”იმედის” სტუდია, რომელიც ასევე დალუქული იყო, არ დაზარალებულა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა რაიმე სამართლებრივი დაბრკოლება რადიო ”იმედის” მაუწყებლობის განახლებისთვის, 7 დეკემბრამდე ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. რადიოს და ტელეკომპანიის ვებ-გვერდები კვლავ გათიშულია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ”იმედის” ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება 6 დეკემბერს მიიღო. ეს ბოლო დაბრკოლება რჩებოდა ”იმედის” მაუწყებლობის განახლებისთვის მას შემდეგ, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 დეკემბერს შეცვალა 7 ნოემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანია ”იმედის” ლიცენზიის სამი თვით შეჩერების თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)