ახალი ამბები

სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იაფი კრედიტების გაცემას პირდება

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 6 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის მთავარი ამოცანა დასაქმების ხელშეწყობა იქნება. იგი გამოვიდა ინიციატივით ”იაფი კრედიტის ბანკის” მთავრობისა და ბიზნესის პარტნიორობით დაარსების თაობაზე.  

”რა არის იაფი კრედიტი? ეს არის ის, რომ სახელმწიფო უახლოეს თვეებში გასცემს 300 მილიონამდე ლარს და უახლოეს წლებში 3 მილიარდამდე ლარს  იმისათვის, რომ ყველა მსურველმა სახელმწიფოსაგან აიღოს იაფი კრედიტი 5-25 წლით 10-დან 4%-მდე განაკვეთით,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს კრედიტები არის იმისათვის, რომ ყველა ადამიანს შეეძლოს შექმნას თავისი ბიზნესი”.


ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა შიდა ქართლში მშენებარე ავტობანის მორიგი მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე.  ცერემონია ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს.


სააკაშვილის განცხადებით, კრედიტების გაცემისას პრიორიტეტი მიენიჭება სამრეწველო პროექტებს. მისი თქმით, პარალელურად გაიხსნება სპეციალური ცენტრები, სადაც კრედიტის პოტენციური მიმღებნი მომზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან.


”ამ ორი კვირის შემდეგ ეს ხალხი დაწერს წინადადებებს, რითაც შევლენ მთავრობის ბანკში და მთავრობა დაიწყებს კრედიტების გაცემას,”- აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა. 


”იაფი კრედიტის” პროგრამა დასაქმების თაობაზე მეორე ინიციატივაა დასაქმების პროგრამის შემდეგ, რომელიც 5 დეკემბერს ამოქმედდა.


”პირველი 4 წელი ჩემი პრეზიდენტობის იყო სახელმწიფოს საფუძვლების შექმნა  – გზები, უსაფრთხოება, სახელმწიფო ინსტიტუტები, არმია,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”შემდეგი წლები ეს არის ამ სახელმწიფოს საფუძველზე თითოეული ოჯახის დასაქმება”.


”მე მინდა ვუსურვო მიხეილ სააკაშვილს, რომ ღირსეულად დაემთავრებინოს ყველა მისი დაწყებული საქმე,”- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში.


მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა ასევე ერთხმად აღნიშნეს, რომ ახალი ავტობანი ეს არის ”გზა სოხუმისკენ”.


”ან ჩვენ 5 იანვარს ამ გზით გავაგრძელებთ მოძრაობას წინ ან ჩვენ დავბრუნდებით უპერსპექტივობაში,”- განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button