ახალი ამბები

სააკაშვილი თავის პოლიტიკას ამართლებს

საქართველოს სწრაფვა ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ კვლავ უცვლელი რჩება, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა თავის  სტატიაში სათაურით ”თავისუფალი საქართველო”, რომელიც გაზეთ Wall Street Journal-ში 6 დეკემბერს გამოქვეყნდა.


სტატიაში სააკაშვილი ამართლებს მთავრობის გადაწყვეტილებას 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ”ზედმეტმა კონსტიტუციურმა საფრთხეებმა … ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა”.


”ჩვენ იძულებული გავხდით მიგვეღო მთელი რიგი რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებები,” – წერს სააკაშვილი, ”ხუთდღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა უფრო რადიკალური გახადეს თავიანთი მოთხოვნები მოუწოდეს რა პარლამენტში შეჭრისკენ. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით, როგორ გადაიზარდა აქციები ძალადობაში.  ტელეკომპანიამ [”იმედმა”] დაადანაშაულა ხელისუფლება ჩვენს მთავარ ტაძარზე იერიშის დაწყებაში; ქართულ სინამდვილეში ეს იგივე იქნებოდა, ისრაელის მთავრობას იერიში რომ მიეტანა პილიგრიმებზე იერუსალიმის გოდების კედელთან. ამასობაში, ქვეყნის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა საჯაროდ მოუწოდა ხელისუფლების ჩამოგდებისკენ. და ჩვენ განვიხილეთ მტკიცებულება უცხოური დაზვერვის აგენტების დამანგრეველი საქმიანობის შესახებ საქართველოში”.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი არ გვქონდა და ვიცოდით, რომ ეს გააწბილებდა ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომლებიც ქომაგობდნენ ჩვენს დემოკრატიულ და ეკონომიკურ ლიბერალიზმს, ჩვენ დავასკვენით, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ აღგვეკვეთა სიტუაციის შემდგომი გაუარესება”.


სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას და გაამართლა ”იმედის” დახურვის ფაქტი განაცხადა რა, რომ ეს ტელევიზია ”აშუქებდა ისეთ ინფორმაციებს, რამაც 7 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მიიყვანა ქვეყანა”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button