ახალი ამბები

”იმედი” საფრთხეს აღარ წარმოადგენს და მისი გახსნა შეიძლება – ბურჯანაძე

პროკურატურა და სასამართლო ორ დღეში მოხსნის ტელეკომპანია ”იმედის” ქონების ყადაღას და ტელევიზია და რადიო ”იმედის” მაუწყებლობის განახლებას დაბრკოლება აღარ შეექმნება, განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 3 დეკემბერს.


”მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია ”იმედთან” დაკავშირებით ჯერ არ დასრულებულა და ტელეკომპანია ”იმედი” კვლავ რჩება პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის [ბადრი პატარკაციშვილის] მფლობელობაში და მისი უშუალო კონტროლის ქვეშ, ჩვენ საქართველოს ხელისუფლებამ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება თხოვნით მივმართოთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას განიხილოს შესაძლებლობა ტელეკომპანია ”იმედისთვის” დადებული ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 


მან აღნიშნა, რომ ”ის საფრთხე, რომლის საფუძველზეც იმედის ქონებას ყადაღა დაედო, ამოწურულია”.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ”იმედს” სამაუწყებლო ლიცენზია იმ მოტივით შეუწყვიტა, რომ ტელეკომპანია 7 ნოემბრის არეულობის გაშუქებისას ხელისუფლების ჩამოგდების პროპაგანდას ეწეოდა.  სასამართლომ ყადაღის რეჟიმში მოაქცია ასევე ტელეკომპანიის ქონებაც.


”ორ დღეში, ოთხშაბათს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პროცედურა პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან იქნება დასრულებული და ”იმედის” შესაბამის პერსონალს მიეცემა შესაძლებლობა შევიდეს შენობაში მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად, რათა ”იმედმა”  მაქსიმალურად სწრაფად განაახლოს მაუწყებლობა,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


ტელეკომპანია ”იმედი” 7 ნოემბერს საღამოს გაითიშა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ტელეკომპანიის შენობა დაარბია. ”იმედის” ადმინისტრაციის განცხადებით, ტელევიზიის აპარატურა განადგურდა, თუმცა  ხელისუფლებამ ეს განცხადება უარყო. ”იმედის” ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ ზუსტად არ იციან როდის აღდგება ტელევიზიის მაუწყებლობა და მიყენებული ზარალის ოდენობა, რადგანაც 7 ნოემბრის შემდეგ მათ შენობაში არ უშვებენ.


ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები News Corporation-თან ჯერ არ დასრულებულა და რომ ხელისუფლება 7 დეკემბრისთვის კომპანიის პასუხს ელის ხელისუფლების მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით.


”მაქსიმალური ვადა, რომელიც News Corporation-თან განვსაზღვრეთ არის პარასკევი. თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მიესალმება იმ ფაქტს, თუ News Corp.-ი იქნება მზად იმისათვის, რომ უფრო სწრაფად დასრულდეს ეს პროცედურები,” – განაცხადა ბურჯანაძემ.


News Corp.-მა ტელეკომპანია და რადიო “იმედის” აქციები გასულ წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისგან იყიდა. პატარკაციშვილმა, მას შემდეგ რაც ღიად განაცხადა ოპოზიციური კოალიციის დაფინანსების გეგმებზე, თავისი აქციები ოქტომბერში ერთი წლით მართვის უფლებით News Corp.-ს გადასცა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ეს გარიგება მოჩვენებითი იყო და პატარკაციშვილი განაგრძობდა თავისი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკით მანიპულირებას, იყენებდა რა მას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა ქვეყანაში არეულობა გაეღვივებინა.


საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად განაცხადა, რომ მათი სურვილია, რომ News Corp.-ი ”იმედის” ერთადერთი მფლობელი გახდეს.


“ჩვენ გვინდა, რომ News Corp.-ი “იმედის” 100%-იანი წილის მფლობელი იყოს და არ გვინდა, რომ ამ კომპანიამ რაღაც გაურკვეველი როლი ითამაშოს “იმედში,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 28 ნოემბერს.


ნინო ბურჯანაძემ 3 დეკემბერს ასევე განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული საარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია ყველა მედია საშუალებისთვის თანაბარი პირობების მიცემა.


”მე ვთხოვ მედიის ყველა საშუალებას იყოს მაქსიმალურად ობიექტური, მაქსიმალურად დავიცვათ ეთიკური და პროფესიული სტანდარტები, არ დავუშვათ არაკონსტიტუციური მოწოდებები ან მოწოდებები ძალადობისკენ.  თანაბრად და სამართლიანად გაშუქდეს საარჩევნო კამპანია და თითოეულმა მედიის წარმომადგენელმა იგრძნოს უდიდესი პასუხისმგებლობა და დაეხმაროს ყველას, ვისაც უნდა რომ არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდეს,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

Back to top button