skip to content
ახალი ამბები

გრიზლოვი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხებს იანვარში განვიხილავთ

რუსეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, ყოფილი სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ახალი მოწვევის სათათბირო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართვებს დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე იანვარში განიხილავს.


”აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ჩაატარეს რეფერენდუმები [დამოუკიდებლობის თაობაზე 1999 და 2006 წელს, შესაბამისად] ხელისუფლების ორგანოებთან ერთად, მათ გამოაგზავნეს რეფერენდუმის შედეგები, მათ შორის სახელმწიფო სათათბიროში. ეს წინადადებები მე მაქვს და ისინი ეხება, როგორც ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას, ისე რუსეთში შესვლის საკითხებს. ეს ხალხის ნებაა,”- განაცხადა გრიზლოვმა. 


მან ეს განცხადება მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც რუსეთის სათათბიროს 2 დეკემბრის არჩევნების შედეგებს მიეძღვნა. წინასწარი მონაცემებით,  პრეზიდენტ პუტინის პარტიამ ”ერთიანი რუსეთი” ხმათა 64% დააგროვა, რაც საკმარისია სათათბიროში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად; ბარიერი გადალახეს ასევე კომუნისტურმა პარტიამ; ვლადიმერ ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ და სერგეი მირონოვის ”სამართლიანმა რუსეთმა”.


რუსეთის სათათბიროს არჩევნები გაიმართა ასევე საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, ოფიციალური თბილისის პროტესტის მიუხედავად. სოხუმი და ცხინვალი იტყობინებიან, რომ არჩევნებზე რეგიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.


”ჩვენ, რა თქმა უნდა, ინტერესით დავაკვირდებით, თუ როგორ მისცეს ხმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეებმა,”- განაცხადა გრიზლოვმა, ”ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ [თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარების] საკითხებს ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით… ვფიქრობ, რომ იანვარში ეს საკითხი გაცილებით დროული იქნება”. 


როგორც სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება, წინასწარი შედეგებით ”ერთიანმა რუსეთმა” სამხრეთ ოსეთის ამომრჩეველთა ხმების 92% მიიღო.


”ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ის პროგრესი, რომელიც ამჟამად [რუსეთთან] ინტეგრაციულ პროცესებში იკვეთება, გაგრძელდება,”- განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 2 დეკემბერს სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის დროს.


ცხინვალის სეპატარისტულმა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მორიგი მოთხოვნით რუსეთის ფედერაციას ნოემბერში მიმართა. ანალოგიური მიმართვები რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში აფხაზეთიდანაც არის გაგზავნილი.


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ აღიარება საქართველოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება.

”საქართველოს სახელმწიფო გამოიყენებს ნებისმიერ კონსტიტუციურ საშუალებას, რათა დაიცვას საკუთარი ტერიტორია და საკუთარი მთლიანობა,”- განუცხადა 3 დეკემბერს ”რუსთავი 2”-ს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

”ეს არ არის ჩვენი არჩევანი,”- აღნიშნა მან, ”ჩვენი არჩევანია კონფლიქტების გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი რეალურად დაიწყებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის მზადებას, სამწუხაროდ, ის ჩვენ აღარ გვიტოვებს არჩევანის საშუალებას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button