ახალი ამბები

ევროპარლამენტი თბილისს მედიის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი 29 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ”პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს, შეკრების თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების ჩათვლით”. იმავდროულად, ევროკავშირმა პოლონეთის  ადამიანის უფლებათა ყოფილი დამცველი ადამ მიხნიკი საქართველოში გამოაგზავნა ტელეკომპანია ”იმედის” საკითხის მოგვარებაში დასახმარებლად.


ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას ”გამოიძიოს ადამიანის უფლებათა და მედიის თავისუფლების დარღვევის ფაქტები, რომელსაც ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ჰქონდა ადგილი”.


ევროპარლამენტი მიესალმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ”უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მედიის თანაბარი ხელმისაწვდომობით საარჩევნო კამპანიის დროს”. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა მხარემ უნდა შეარბილოს განცხადებები და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ”მყიფე დემოკრატიული ინსტიტუტების” მხარდასაჭერად.


ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა 29 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა მადრიდში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, იტყობინება ტელეკომპანია ”მზე”. ამავე ტელეკომპანიის ცნობით (რომლის მფლობელიც მინისტრის ძმა, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილია),  ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმა ტელეკომპანია ”იმედის” დახურვასთან დაკავშირებული დეტალები გამოკითხეს საქართველოს დელეგაციას.


მადრიდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა თავის კოლეგებს საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ბელგიიდან, ბერნარდ კუშნერს, ურმას პაეტს და კარელ დე გუხტს, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დენიელ ფრიდს.


ბეჟუაშვილი 29 ნოემბერს მადრიდში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”იმედის” პრობლემა მოგვარდება.


”მაგრამ ის მოგვარდება არა ისე, როგორც ეს აგრესიულ ძალებს სურთ,” – განაცხადა მან, ”არამედ კომპრომისის გზით. ჩვენ არ გვჭირდება ფაქტორი, რომელიც დესტაბილიზატორის როლს შეასრულებს, რაც შეიძლება ამ ტელეკომპანიამ ითამაშოს. ამავე დროს ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ყველა მედია საშუალება თავისუფალი იყოს”.


ამასობაში, პოლონური გაზეთის Gazeta Wyborcza-ს მთავარი რედაქტორი და მოძრაობა ”სოლიდარობის” დამფუძნებელი ადამ მიხნიკი თბილისში ჩამოვიდა ”იმედის” პრობლემის მოგვარებაში დასახმარებლად.


29 ნოემბერს მიხნიკმა შეხვედრები გამართა ”იმედის” ჟურნალისტებთან და ოპოზიციის ლიდერებთან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button