
პოლიციამ დეპუტატზე ”თავდამსხმელები” დააკავა
ქართველმა სამართალდამცავებმა 27 ნოემბერს სამი ახალგაზრდა დააპატიმრეს, რომლებიც ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია ”ჩვენი საქართველოს” დეპუტატ მერაბ ხურციძის ცემაში არიან ეჭვმიტანილები, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ეჭვმიტანილთა აღიარებითი ჩვენებების ვიდეოჩანაწერები. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მათ უნდოდათ მანქანის გაჩერება სახლში წასასვლელად; მანქანა გაჩერდა და იქიდან მამაკაცი გადმოვიდა, რომელმაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეჭვმიტანილების განცხადებით, სწორედ ეს გახდა ინციდენტის მიზეზი.
თუმცა, მერაბ ხურციძემ მანამდე განაცხადა: ”ისინი [თავდამსხმელები] ჩემ მანქანას წინ გადაუდგნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება დამიწყეს, შემდეგ კი მცემეს”.
მერაბ ხურციძემ ოქტომბერში მმართველი პარტია დატოვა და ახლად შექმნილ ფრაქციას ”ჩვენი საქართველო” შეუერთდა.
”ჩვენი საქართველოს” თავმჯდომარეა დეპუტატი ვალერი გელბახიანი, რომელმაც 26 ნოემბერს განაცხადა, რომ ის ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ ინტერესებს წარმოადგენს. 26 ნოემბერს გელბახიანმა პატარკაციშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისთვის ოფიციალური პროცედურების განხორციელება დაიწყო.
გელბახიანმა ხურციძეზე განხორციელებულ თავდასხმას ”პოლიტიკური ანგარიშსწორება” უწოდა.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მიესალმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფ რეაგირებას ”ამ არცთუ სასიამოვნო ფაქტზე”.
”როგორც წესი, ხელისუფლებას დაბრალდა ეს ინციდენტი,” – განაცხადა ბურჯანაძემ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ”მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბატონი ვანოს [მერაბიშვილის] და მისი სამსახურის ძალიან აქტიური ქმედებების შედეგად დაკავებული იქნენ ის ადამიანები, ვინც ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგაზე თავდასხმა მოაწყვეს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)