ოპოზიცია ”იმედის” მხარდასაჭერად მანიფესტაციის გამართვას გეგმავს
ცხრა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ განაცხადა, რომ 25 ნოემბერს თავისუფალი მედიის და ტელეკომპანია ”იმედის” მხარდასაჭერად ის ფართომასშტაბიანი მანიფესტაციის ჩატარებას გეგმავს.
”ჩვენი მოთხოვნები უცვლელია და მთავარი საკითხებია სიტყვის თავისუფლების დაცვა და ტელეკომპანია ”იმედის” უპირობო აღდგენა. ამაში მხარს გვიჭერს მთელი ქართველი ერი და მთელი საერთაშორისო საზოგადოება,” – განაცხადა ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა 19 ნოემბერს თბილისის მერიის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
დავითაშვილმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქცია 25 ნოემბერს 2 საათზე რიყეზე დაიწყება, შემდეგ მანიფესტაცია თავისუფლების მოედნისკენ დაიძრება და პარლამენტის წინ დასრულდება.
”მე მოვუწოდებ ყველა თბილისელს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, დავდგეთ რიყეზე და მანიფესტაციით ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, ბრძოლა გრძელდება და ის მივა საბოლოო გამარჯვებამდე, სააკაშვილის ტირანიის დასასრულამდე 5 იანვარს, სადაც ლევან გაჩეჩილიძასთვის ხმის მიცემით, თქვენ ხმას მისცემთ საქართველოს პრეზიდენტის გარეშე, საქართველოს სააკაშვილის გარეშე,” – განაცხადა დავითაშვილმა.
ამავდროულად, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ დაგეგმილია მათი შეხვედრები ექიმებთან, აკადემიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)