skip to content
ახალი ამბები

ნათელაშვილი საპრეზიდენტო ამბიციებს ადასტურებს

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 19 ნოემბერს დაადასტურა, რომ 5 იანვარს დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭისყრას.


”მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანა სამუდამოდ დაემშვიდობოს სიბნელეს, ძალადობას, შიმშილს, სიღატაკეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი სამშობლო დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ფესვებს, აღიდგინოს მისთვის ჩვეული ბრწყინვალება, იმისათვის რომ აღორძინდეს ჩვენი მეცნიერება, განათლება, კულტურა, იმისათვის, რომ გადავეფაროთ დედა-ეკლესიას,” – განაცხადა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე.


”მე დიდ სიმპათიას ვადასტურებ ყველა ოპოზიციური ძალების მიმართ, რომელთა გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა მხარი დაეჭირა ჩემთვის, როგორც კანდიდატისთვის. ამის მიუხედავად, მათ ვიწვევთ ეროვნული ერთიანობის კოალიციურ მთავრობაში, რომელმაც გუნდურად უნდა გაიყვანოს ქვეყანა გამარჯვების ახალ სიმაღლეზე,” – განაცხადა მან.


ნათელაშვილმა მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს მასთან პირდაპირ ტელედებატებში მიიღოს მონაწილეობა, ”რათა მთელმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაინახოს, სად არის სიბნელე და სად არის სინათლე”.      


გენერალურმა პროკურატურამ 9 ნოემბერს შალვა ნათელაშვილს ჯაშუშობასა და საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში დასდო ბრალი. თუმცა მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნათელაშვილს თავისუფლად შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა და პირობა მისცა, რომ ”არ დაგიჭერთ”, პროკურატურამ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ ნათელაშვილი, გამოძიების გადაწყვეტილებით, მოწმის სახით დაიკითხება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button