skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას ”რუსოფობიაში” ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კამპანიას ”რუსოფობიის” ნიშნით აწარმოებს.


რიგგარეშე არჩევნები თავიდანვე ჩაფიქრებულია, როგორც ”ფარსი” და მიზნად ისახავს ძალაუფლების შენარჩუნებას მოქმედი ხელისუფლების  მიერ”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


”ამაზე თავიდანვე მიანიშნებდა არჩევნების თარიღი, რომელიც დადგენილია ისე, რომ დარჩენილ მცირე დროში ოპოზიციამ ვერ მოასწროს ძალების მოკრება, ხოლო საზოგადოებამ – შიშის სინდრომის გადალახვა საპროტესტო აქციების მკაცრად ჩახშობის შემდეგ,”- ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ ეს ”ცინიკური სცენარი” ხორციელდება ”ჯაშუშომანიით”, გასული წლის ადგილობრივი არჩევნების წინ განვითარებული მოვლენების მსგავსად.  საქართველოს ხელისუფლებამ შარშან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავა და გადასცა რუსეთს სამხედრო ოფიცრები, რომლებსაც ჯაშუშობაში დასდო ბრალი.


რამდენიმე დღის წინ საქართველომ ქვეყნიდან გააძევა სამი რუსი დიპლომატი, რომლებსაც ასევე ჯაშუშობაში ედებათ ბრალი. საქართველოს ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ 7 ნოემბრის არეულობები რუსული სპეცსამსახურების მხარდაჭერით განახორციელეს საქართველოს რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა.


”ეს აშკარა რუსოფობია, როგორც ჩანს [საქართველოს ხელისუფლების] საარჩევნო კამპანიის ქვაკუთხედი ხდება,”- აცხადებს რუსეთის დიპლომატიური უწყება, ”არც ისე დიდი ხნის წინ იყო ზღაპრები ავია თავდასხმებსა და სარაკეტო დარტყმებზე. შემდეგ აშინებდნენ სამ ჯაშუშზე ამბებით, რომლებმაც თბილისის ქუჩებში ათი ათასობით საპროტესტო აქციის მონაწილე გამოიყვანეს. ახლა კი საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო საუბარი აფხაზეთში რუსული ტანკებისა და სხვა საომარი ტექნიკის გადასროლაზე”.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ ხელისუფლებას ხელთ აქვს ”დოკუმენტური მტკიცებულებები”, რაც ადასტურებს თბილისის განცხადებებს, რომ რუსეთს აფხაზეთში დამატებითი შეიარაღება და ძალები შეყავს.


რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ გაეროს დამკვირვებლებმა დაათვალიერეს თვითგამოცხადებული რეგიონის მითითებული ტერიტორია, თუმცა სამხედრო ტექნიკა ვერ აღმოაჩინეს.


”თუმცა სააკაშვილს ფაქტები არ ადარდებს,”- ნათქვამია განცხადებაში, ”როგორც ჩანს, ის საბოლოოდ მოექცა გარკვეულ ვირტუალურ სამყაროში, სადაც არაფერი ხელს არ უშლის გამოიგონოს ყველაზე საშინელი მუქარები და საფრთხეები, რათა გმირულად ებრძოლოს მათ”.


”იან ფლემინგის [ჯეიმს ბონდის შემქმნელი] ტიპის ამგვარი ფანტაზიები კომენტარსაც არ დაიმსახურებდა რომ არა მანიაკალური სურვილი ჩაითრიონ მასში მთელი ქართული საზოგადოება,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


იმავდროულად, ოფიციალური მოსკოვი ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე პროცესებს განიხილავს, როგორც საქართველოს შიდა საქმეს და ”მასში ჩარევას არაკორექტულად” მიიჩნევს.


”რუსეთის ემისრები კი არ მართავენ თბილისში მრავალსაათიან შეხვედრებს სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან და აძლევენ მათ რეკომენდაციებს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სავარაუდოდ, მხედველობაში ჰყავს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა, რომელიც თბილისს 11 ნოემბრიდან სტუმრობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button