ახალი ამბები

ოპოზიციური კოალიცია საპრეზიდენტო კანდიდატს ასახელებს







ლევან გაჩეჩილაძე. თბილისი, 12 ნოემბერი.
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.Ge
ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად დამოუკიდებელი დეპუტატი, 43 სამი წლის ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა.


იმავდროულად, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს გზის ლიდერს სალომე ზურაბიშვილს ასახელებს.  


”მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს და ერთიან ოპოზიციას ჩემი მხარდაჭერისთვის,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ 12 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ჩვენი დაწყებული ბრძოლის გაგრძელება ძალადობის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ და პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ.”


მან ასევე განაცხადა, რომ ”ჩვენ  ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დამთავრდეს ბელადომანია”. მან მიანიშნა პოლიტიკური პარტნიორების საერთო მიზანზე  – საპრეზიდენტო მმართველობა საპარლამენტო რესპუბლიკით შეიცვალოს.


”როგორც კი ეს დამთავრდება, მე მზად ვარ წავიდე პოლიტიკურ პენსიაში,” – დასძინა გაჩეჩილაძემ.


”ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატურა, რომელიც არის ძალიან სერიოზული კონკურენტი პრეზიდენტ სააკაშვილის,”- განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. თავად ზურაბიშვილს კონსტიტუცია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს, რადგან მას საქართველოში 15 წლის მანძილზე არ უცხოვრია. იგი საქართველოში 2003 წელს ჩამოვიდა.


გაჩეჩილაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ რესპუბლიკელები, კონსერვატორები, საქართველოს გზა, ხალხის პარტია, თავისუფლება, ჩვენ თვითონ, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ეროვნული ფორუმი და ქართული დასი – ყველა ის პარტია, გარდა ლეიბორისტებისა, რომელიც 28 სექტემბრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას უწევდა ორგანიზებას. ლეიბორისტულმა პარტიამ 12 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ასევე აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.


ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დეპუტატ ლევან გაჩეჩილაძის უპარტიობამ და აქტიურმა როლმა ოპოზიციის კამპანიაში და საპროტესტო აქციებში გადამწყვეტი როლი ითამაშა მის ერთიან კანდიდატად შერჩევის დროს.


”ის [გაჩეჩილაძე] არის დამოუკიდებელი დეპუტატი და საკმაოდ პოპულარულია, ის ყოველთვის ხალხის გვერდით იდგა და აქტიურად იყო ჩართული ჩვენს კამპანიაში,” – განუცხადა დავითაშვილმა Civil.Ge-ს.

ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ს ხელმძღვანელობდა, 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. მაშინ იგი ”მოქალაქეთა კავშირის” სიით შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა, 2001 წელს ჩამოშორდა ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის პარტიას და ოპოზიციური ”ახალი მემარჯვენეების” პარტია ჩამოაყალიბა.


2003 წელს მან დატოვა ”ახალი მემარჯვენეები”, რადგანაც პარტიის ლიდერებთან უთანხმოება მოუვიდა ვარდების რევოლუციის მხარდაჭერის გამო. მას შემდეგ ის პოლიტიკურ არენაზე იშვიათად ჩნდებოდა. გასული წლის სექტემბრის ბოლოდან ის კვლავ გააქტიურდა, როდესაც ათმა ოპოზიციურმა პარტიამ ეროვნული საბჭო ჩამოაყალიბა. გაჩეჩილაძე კოალიციას შეუერთდა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.


ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასი იქნება.


”5 იანვარს ჩატარდება რეფერენდუმი ერთადერთი კითხვით: გსურთ თუ არა საქართველო პრეზიდენტის გარეშე? გსურთ თუ არა საქართველო სააკაშვილის გარეშე? და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს ამ რეფერენდუმში,” – განაცხადა დავითაშვილმა.  


საპრეზიდენტო არჩევნებზე სხვა ოპოზიციური კანდიდატებიც იბრძოლებენ: ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე და მომავლის პარტიის ლიდერი გია მაისაშვილი. 


არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ასევე ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა. თუმცა, კომენტარი ოპოზიციის კანდიდატურაზე მას ჯერ არ გაუკეთებია. დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ გაჩეჩილაძე პატარკაციშვილის სასარგებლოდ დათმობს პოზიციებს.


თუმცა, ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ცხრა პარტიისგან შემდგარი კოალიცია არ დაუჭერს მხარს პატარკაციშვილს კანდიდატურას.

Back to top button