ახალი ამბები

ლეიბორისტები საპრეზიდენტო კანდიდატად ნათელაშვილს ასახელებენ

ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა წამოაყენოს 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე.


”საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური კომიტეტის საგანგებო სხდომამ დღეს პარტიის წესდების შესაბამისად, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებში პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის კანდიდატურის წამოყენების შესახებ,”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


თბილისში 7 ნოემბერს მომხდარი მომხდარი არეულობის შემდეგ შალვა ნათელაშვილი საჯაროდ არ გამოჩენილა. მისი თანაპარტიელების განცხადებით, ის საქართველოში იმყოფება, ცრელმსადენი გაზით მოწამლულია და მკურნალობს.


გენერალურმა პროკურატურამ 9 ნოემბერს შალვა ნათელაშვილს ჯაშუშობასა და საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში დასდო ბრალი. თუმცა მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნათელაშვილს თავისუფლად შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა და პირობა მისცა, რომ ”არ დაგიჭერთ”, პროკურატურამ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ ნათელაშვილი, გამოძიების გადაწყვეტილებით, მოწმის სახით დაიკითხება.


შატბერაშვილის თქმით, უახლოეს ხანში ნათელაშვილი თავად წარსდგება ქართული და საერთაშორისო მედიის წინაშე.

ნათელაშვილის კანდიდატად წამოყენების გადაწყვეტილება ლეიბორისტულმა პარტიამ ათი ოპოზიციური პარტიისაგან დაკომპლექტებული ერთიანი ეროვნული საბჭოსგან დამოუკიდებლად მიიღო. ეროვნულ საბჭოში ლეიბორისტული პარტიაც არის გაერთიანებული.

ეროვნული საბჭოს რამდენიმე პარტია აცხადებს, რომ მათ საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ეს ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი არ იქნება, რომელმაც ასევე საჯაროდ გამოთქვა არჩევნებში კენჭისყრის სურვილი.

ეროვნულ საბჭოს ერთიანობის დარღვევის პირველი ნიშანი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ (მათ შორის სამმა ეროვნული საბჭოდან) ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყო. შედეგად, ეროვნული საბჭოს დანარჩენი პარტიები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button