ახალი ამბები

ოქრუაშვილი ვადამდელ არჩევნებზე კომენტარს აკეთებს

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 9 ნოემბერს, ბერლინში ”როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება საქართველოში.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნების თარიღად 5 იანვარი დაასახელა.


”შესაძლოა საკმარისი დრო იყოს იმისა, რომ [ოპოზიციის] ლიდერი გამოიძებნოს, მაგრამ დრო არ ეყოფა და საჭირო რესურსები ვერ გამოიძებნება წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, რადგან ყველა ოპოზიციური მედია დაიხურა და მთელი ბიზნესი დაშინებულია, რათა მათ არ დააფინანსონ ოპოზიცია,”- განაცხადა ოქრუაშვილმა.


თავად ოქრუაშვილი ვერ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან საპრეზიდენტო ასაკი -35 წელი – მას მომავალი წლის ნოემბერში უსრულდება.


მან არ გამორიცხა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა აღნიშნა, რომ ”ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების თარიღის ცოდნა”.


5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება პლებისციტი, სადაც გამოიკითხება საზოგადოებრივი აზრი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს გაზაფხულზე, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს თუ შემოდგომაზე, როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს.


ირაკლი ოქრუაშვილმა ”როიტერთან” ინტერვიუში ასევე უარყო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ ოპოზიციური კამპანიის უკან რუსეთი იდგა. ამ ტიპის ბრალდებები, განაცხადა მან, მიზნად ისახავს ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button