Placeholder canvas
ახალი ამბები

ლონდონი და პარიზი საქართველოს მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავენ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სინანული გამოხატა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან და მედიის შეზღუდვებთან დაკავშირებით.


”ვიმედოვნებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნება,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, ”მოვუწოდებთ ყველა მხარეს მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით იმოქმედონ და დაუყონებლივ გამართონ კონსტრუქციული დიალოგი. მოვუწოდებთ მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ისეთი ენისა და ქმედებებისგან, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას”.


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.


”ძალადობა ოპოზიციის წინააღდმეგ და პრესისა თავისუფლებისა და ინდივიდუალური თავისუფლებების დარღვევა მიუღებელია,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ”მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას გამოიჩინონ თავშეკავება და სიმშვიდე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დიალოგი დაიწყონ ოპოზიციასთან, რათა აღადგინონ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში. საქართველოს პოლიტიკურ ძალებზეა დამოკიდებული არსებული სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარება. ასევე მოვუწოდებთ თბილისს მოერიდოს რაიმე ესკალაციას მოსკოვთან”.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button