ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ, ხალხი პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, პარტია ”ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ და თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ბიძინა გეგიძემ დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას განაცხადეს, რომ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას იწყებენ. 


”მე ვაცხადებ შიმშილობას მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები ბოლომდე არ იქნება დაკმაყოფილებული,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”მხოლოდ და მხოლოდ პირადი მაგალითის და თავგანწირვის შედეგად შეიძლება გამარჯვების მიღწევა”. 

”ჩვენ ამითი ვამბობთ, რომ ბოკერია-სააკაშვილის გამოწვევა მიღებულია და ფეხს არ ვიცვლით მანამ, სანამ არ მივაღწევთ მიზანს  – საქართველო პრეზიდენტის გარეშე”, – განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

იმავდროულად, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიტინგზე გამოსვლისას მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გაერკვნენ რა ხდება პრეზიდენტის ირგვლივ, ”მას აღარ შეუძლია თავისი საქმიანობა თუ ამის საშუალებას გარემოცვა არ აძლევს”.

უსუფაშვილის განცხადებით, ”პრეზიდენტთან დიალოგს აზრი არ აქვს,” თუმცა გაგრძელდება ოპოზიციის დიალოგი პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button