ახალი ამბები

პატარკაციშვილმა ”იმედის” აქციები News Corp-ს ერთი წლით გადასცა

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ტელე-რადიო კორპორაცია ”იმედში” საკუთარი წილი ერთი წლის მართვის უფლებით გადასცა ჰოლდინგის მეორე თანამფლობელს რუპერტ მერდოკის News Corporation-ს. 


ხელშეკრულების პირობები, რომელიც უახლოეს დღეებში გაფორმდება, ითვალისწინებს, რომ ერთ წელიწადში ბადრი პატარკაციშვილი ავტომატურად დაიბრუნებს აქციებს, რომლის გაყიდვის უფლებაც მის ამერიკელ პარტნიორებს არ ექნებათ. იმავდროულად, უცვლელი რჩება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა.


ეს გარიგება დღეს, თბილისში მყოფმა News Corporation-ის ევროპული განყოფილების ხელმძღვანელმა მარტინ პომპადურმა დაადასტურა.


”მე ვთხოვდი ხელისუფლებას ნებისმიერ წარმომადგენელს მოვიდეს ”იმედში” და მიიღოს მონაწილეობა ჩვენს დებატებში,” – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მარტინ პომპადურმა.


პატარკაციშვილმა ამ გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე განაცხადა, რომ ოპოზიციის კამპანიის დაფინანსებას გეგმავს, რომლის მთავარი მოთხოვნაც აპრილში საპარლამენტო არჩევნების ჩატრებაა. 


ოქტომბრის დასაწყისში პატარკაციშვილმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში გადასვლის შემთხვევაში თავის აქციებს News Corporation-ს გადასცემდა.


News Corporation-მა ”იმედის” აქციები გასული წლის აგვისტოში შეიძინა. თუმცა, გარიგების დეტალები არ გახმაურებულა.


2007 წლის სექტემბერში ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება მთავარი ცენტრი News Corporation-ის შემდგომი გაფართეობისთვის პოსტ-საბჭოთა სივრცეში.


ტელეკომპანია ”იმედი” თავისი საეთერო დროის დიდ ნაწილს ოპოზიციას უთმობს. ამავდროულად, მმართველი პარტიის და ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე წელიწადზე მეტია უარს აცხადებენ ”იმედის” პოლიტიკურ თოქ-შოუებში მონაწილეობაზე. ბოლო დროს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გააძლიერეს ტელეკომპანიის კრიტიკა ქვეყანაში დაძაბულობის ”ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობის” გამო. პატარკაციშვილს ხელისუფლება მუდმივად აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის თავის მედიასაშუალებას ხელისუფლებასთან დაპირისპირებისთვის და ახალი რევოლუციის მოწყობისთვის იყენებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button