skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი, სოხუმი და მოსკოვი თბილისის მიერ ძალის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობენ

სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თბილისმა შესაძლოა ძალა გამოიყენოს თვითგამოცხადებული რეგიონების წინააღმდეგ, რათა შიდა პრობლემებისდან  ყურადღება გადაიტანოს.


”საქართველოს ხელისუფლება ცდილობს თავისი შიდა პრობლემები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხარჯზე მოაგვაროს,” – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 25 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


კოკოითის თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან, რომელსაც გაუზიარა ინფორმაცია იმ ”პროვოკაციების შესახებ, რომელსაც ქართული მხარე ნოემბრის დასაწყისში გეგმავს”.


რუსეთის ელჩმა ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვმა 22 ოქტომბერს Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართელოს ხელისუფლება ”საკმაოდ ავანტურისტულ პოლიტიკას მისდევს, რაც არ გამორიცხავს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებული პრობლემების ძალისმიერი გზით მოგვარებას”.


”შიდა პოლიტიკური ვითარების დაძაბვასთან ერთად, ცდუნება იმისა, რომ მოხდეს ყურადღების გადატანა კონფლიქტურ რეგიონებზე, საკმაოდ დიდია,” – განაცხადა მან.


თუმცა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა 24 ოქტომბერს, რომ თბილისი მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს კონფლიქტების მოგვარებას.


25 ოქტომბერს ბაქრაძე სოხუმში გაემგზავრა, სადაც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართავს მოლაპარაკებებს.

თუმცა შამბას განცხადებით, ეს ვიზიტი არ ნიშნავს, რომ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის დიალოგი აღდგა.


”ეს შეხვედრა განაპირობა გარკვეული საკითხების მოგვარების საჭიროებამ, რომელიც ბოლო პერიოდში წარმოიქმნა და აისახა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში და მეგობართა ჯგუფის რეკომენდაციებში,”- განუცხადა შამბამ ”რუსთავი 2”-ს სატელეფონო საუბარში, ”ამ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილის განხილვა და გადაწყვეტა ჩვენ შეგვიძლია”.


მოლაპარაკებები სოხუმსა და თბილისს შორის ერთ წელზე მეტი ხნის წინ შეწყდა. სოხუმი თბილისთან დიალოგის აღდგენის წინაპირობად ზემო კოდორის ხეობიდან აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გაყვანას ასახელებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button