
გავრცელებული ინფორმაციით, რკინიგზის მართვის უფლებაზე ტენდერი გამოცხადდება
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა შპს ”საქართველოს რკინიგზის” მართვის უფლებაზე ტენდერის გამოცხადებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია Parkfield Investment Ltd.-სთან ადრე მიღწეული შეთანხმება გაუქმებულია.
ეკონომიკის სამინისტროს ეს ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე ჯერ არ დაუდასტურებია; თუმცა, საქმეში ჩახედული პირები აცხადებენ, რომ მომდევნო სამ თვეში შეირჩევა ახალი მმართველი კომპანია. 24 ოქტომბერს Parkfield Investment Ltd.-მა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მიერ 16 აგვისტოს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, შპს ”საქართველოს რკინიგზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით გადაეცა Parkfield Investment Ltd.-ს 99 წლის ვადით.
როგორც კომპანია, ისე საქართველოს ხელუსუფლება დუმილს ამჯობინებენ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას კომპანიის უკან. ინფორმაციის ნაკლებობის შედეგად წარმოიშვა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ გარიგების უკან მოსკოვში დაფუძნებული რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი და ბადრი პატარკაციშვილი იდგნენ. ამავე ვარაუდების თანახმად, პატარკაციშვილი დათანხმდა რკინიგზა თავის მედია ჰოლდინგში გაეცვალა.
სექტემბერში პატარკაციშვილმა კატეგორიულად უარყო ეს ვარაუდები. ოქტომბერში, როდესაც პატარკაციშვილი ხელისუფლებას დაუპირისპირდა, მან განაცხადა, რომ ადრე ხელისუფლებამ მას ”უამრავი მომხიბვლელი წინადადება” შესთავაზა ტელეკომპნია და რადიო ”იმედის” სანაცვლოდ. თუმცა, რას გულისხმობდა ის ”მომხიბვლელ წინადადებში”, მან არ დააკონკრეტა.
თავის ცნობილ სატელევიზიო გამოსვლაში, 25 ოქტომბერს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზა სააკაშვილის ”კარის ბიზნესმენს” რეზო შარანგიას გადაეცა. თუმცა მოგვიანებით, პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული სხვა ბრალდებების მსგავსად, ოქრუაშვილმა ეს განცხადება უარყო თავის აღიარებით ჩვენებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)