შსკ 23-24 ოქტომბერს თბილისში შეიკრიბება
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) პლენარული სხდომა თბილისში, ეუთოს მისიის ოფისში 23-24 ოქტომბერს გაიმართება.
თუმცა ცხინვალი ქართულ მხარეს კონფლიქტის ზონაში ”ვითარების დესტაბილიზაციის” გზით კომისიის სხდომის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. კერძოდ, შსკ-ს ოსური მხარის თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი ”პროვოკაციად” აფასებს ოსი ეროვნების ივან ბესტაევის დაკავების ფაქტს, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა კონფლიქტის ზონის სოფელ ავნევთან 21 ოქტომბერს აიყვანეს. ბესტაევი ეჭვმიტანილია 2007 წლის აგვისტოს პოლიციის ავტომანქანაზე თავდასხმაში, რის შედეგადაც სამი ქართველი პოლიციელი დაიჭრა.
”ყველა არშემდგარი შსკ-ს სხდომა ჩაიშალა ქართული ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა პროვოკაციების შედეგად,”- იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით, ”თუმცა, 23-24 ოქტომბერს ეუთოს თბილისის წარმომადგენლობაში დაგეგმილი შსკ-ს სხდომა მაინც გაიმართება და ჩვენ დავაყენებთ ქართული მხარის მიერ მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხს”.
უკანასკნელად, შსკ-ს პლენარული სხდომა ერთი წლის წინ ვლადიკავკაზში გაიმართა. მას შემდეგ შსკ ოფიციალურად აღარ შეკრებილა, მათ შორის იმ მიზეზითაც, რომ თბილისი მოლაპარაკებათა ამ ფორმატს არაეფექტურად მიიჩნევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)