ახალი ამბები

2007 წლის ბიუჯეტი მესამედ გაიზრდება

წელს თავდაცვის სამინისტრო დამატებით 224 მლნ ლარს მიიღებს იმ საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, რომლითაც მთავრობამ უკვე მიმართა პარლამენტს.  შედეგად, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება რეკორდულად მაღალი – 1,495 მლრდ ლარი გახდება 2007 წელს. 


ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაციით, 2007 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 350 მლნ ლარით გაიზრდება.


ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე გათვლილი დაფინანსების გარდა, 92 მლნ ლარი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოფა. აღნიშნული თანხა მოხმარდება სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი ვაუჩერების გაცემის საპრეზიდენტო პროგრამას.


საბიუჯეტო ცვლილებების მიხედვით, დამატებით 28 მლნ ლარს მიიღებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო 6 მლნ ლარი იუსტიციის სამინისტროს დაემატება.


ეს უკვე მესამე ცვლილება იქნება წლევანდელ ბიუჯეტში. ბოლოს, დეპუტატებმა ბიუჯეტის 431 მლნ ლარით კორექტირებას 26 სექტემბერს დაუჭირეს მხარი, სადაც გამოკვეთილი პრიორიტეტი იყო ასევე თავდაცვის სფერო 316 მლნ ლარიანი ზრდით.

იმავდროულად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დღეს 2008 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სფეროზე 922,1 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება. 


თუმცა თავდაცვის სამინისტრო მომავალ წელს დაფინანსებას 1,100 მლრდ ლარის ოდენობით ითხოვს. ამის შესახებ დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვერა ძნელაძემ განაცხადა.


მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს თავდაცვის სამინისტრო ძირითად აქცენტს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე გადაიტანს.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button