ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები საქართველოს ფარგლებს გარეთ შეხვედრებს გეგმავენ

ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანიაში მიემგზავრება, სადაც ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს, იტყობინება პარტიის პრესსამსახური. 


გერმანიიდან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს ეწვევა. საქართველოს გზის პარტიულ ოფისში აცხადებენ, რომ შესაძლოა ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდეს.


იმავდროულად, ბრიუსელში გამგზავრებას და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესს წარმომადგენელთან  ხავიერ სოლანასთან შეხვედრას  გეგმავენ დავით უსუფაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია, ოპოზიციური პარტიების რესპუბლიკელებისა და თავისუფლების ლიდერები.


ოქტომბრის ბოლოს კი დაგეგმილია რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების დავით უსუფაშვილის, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის აშშ-ში ვიზიტი. 


საქართველოს ფარგლებს გარეთ დაგეგმილი ყველა ამ შეხვედრის მთავარი მიზანია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განხილვა.  

ერთიანი ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა აპრილში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ნაცვლად 2008 წლის შემოდგომისა და საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო მოდელით ჩანაცვლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button