ახალი ამბები

პატარკაციშვილი: ”იმედი” არ იყიდება

ტელერადიო ჰოლდინგის ”იმედის” დამფუძნებელი და თანამფლობელი ბადრი პატარკაციშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან არაერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი ხელში ჩაეგდო მისი ტელეკომპანია.


”იმედი” არ იყიდება,”- განუცხადა პატარკაციშვილმა ”იმედის” თანამშრომლებს 10 ოქტომბერს, ”მე არასოდეს ვიტყვი უარს ორ რამეზე: ღირსებასა და სიტყვის თავისუფლებაზე”.


”მცდელობა იყო იმისა, რომ მომხდარიყო რაღაც, რაც სხვა ტელევიზიებში მოხდა,”- განაცხადა პატარკაციშვილმა გულისხმობდა რა ბოლო დროინდელ განცხადებებს, რომ მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა, კერძოდ კი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”.


”მაგრამ მე ყოველგვარი ფულის გარეშე ვაძლევ ყველას აზრის გამოთქმის საშუალებას,”- დასძინა პატარკაციშვილმა.


აგვისტოში, როცა კომპანია Parkfield Investment-ს ”საქართველოს რკინიგზა” მართვის უფლებით გადაეცა, გამოითქვა ვარაუდები, რომ გარიგებაში მონაწილეობა მიიღო პატარკაციშვილმა, რომელსაც ტელეკომპანიის დათმობის სანაცვლოდ თითქოს რკინიგზა გადაეცა. თუმცა სექტემბერში თავად პატარკაციშვილმა უარყო რაიმე სახის გარიგების არსებობა განაცხადა რა რომ ”არ არსებობს ისეთი ღირებულების ბიზნესაქტივი საქართველოში, რომელშიც ”იმედი” შეიძლება გაიცვალოს”.


პატარკაციშვილი და მისი მედია ჰოლდინგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცნენ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ”იმედის” ეთერით გახმოვანებული ანტისახელისუფლებო ბრალდებები მოგვიანებით ირაკლი ოქრუაშვილმა თავის აღიარებით ჩვენებაში უარყო.


8 ოქტომბერს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა მათ შორის უარყო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდება, რომ თითქოს პრეზიდენტი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა და განაცხადა, რომ ეს განცხადებები მისთვის და პატარკაციშვილისთვის ”პოლიტიკური დივიდენდების” მიღებას ისახავდა მიზნად.


ამ ჩვენების შემდეგ დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან იერიში მიიტანეს ბადრი პატარკაციშვილზე და მას ბრალი დასდეს ოქრუაშვილის ხელით სახელმწიფოს წინააღმდეგ ”ინტრიგების ხლართვაში”.


10 ოქტომბერს ”იმედის” თანამშრომლებთან შეხვედრაზე პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილთან, თუმცა მას არასოდეს უხსენებია მკვლელობის მცდელობის საკითხი. 


მან ასევე განაცხადა, რომ ”იმედი” ყოველთვის იყო კონსტრუქციული და ხელისუფლების მიმართ გაკეთებული კრიტიკული სიუჟეტები მხოლოდ დემოკრატიის ნაწილია. ”ეს უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებისთვის არის კარგი,”- დასძინა პატარაკაციშვილმა.


ტელეკომპანია ”იმედის” მეორე თანამფლობელი რუპერტ მერდოკის News Corporation-ია. სექტემბერში პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საქართველო იქნება ძირითადი დასაყრდენი, საიდანაც მოხდება News Corporation-ის შემდგომი გაფართოება პოსტსაბჭოთა სივრცეში.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button