skip to content
ახალი ამბები

ოლიმპიურმა კომიტეტმა პატარკაციშვილს უფლებამოსილება შეუჩერა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს ბადრი პატარკაციშვილს კომიტეტის პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერა.


კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთი დღით ადრე მმართველი პარტიის წევრებმა პატარკაციშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ ”ინტრიგების ხლართვაში” დაადანაშაულეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეშვეობით.


8 ოქტომბერს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა უარყო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გახმოვანებული ბრალდებები, რომ თითქოს პრეზიდენტი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა და განაცხადა, რომ მისი განცხადებები მისთვის და პატარკაციშვილისთვის ”პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას” ისახავდა მიზნად.


ოლიმპიური კომიტეტის 29 დამსწრე წევრთაგან 26-მა პატარკაციშვილის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი კომიტეტის საგანგებო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 


ბიზნესმენი და ”მრეწველთა პარტიის” დამფუძნებელი გოგი თოფაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ახალი არჩევნების ჩატარებამდე, რომელიც 29 ოქტომბერს გაიმართება. თოფაძემ კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ მან თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისაგან.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება პატარკაციშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ხელისუფლების ზეწოლის შედეგია.



”[სხვადასხვა სპორტის] ფედერაციების პრეზიდენტების უმეტესობა მმართველი პარტიიდან არიან, რომელთაც დაუჭირეს მხარი ამ გადაწყვეტილებას,” განუცხადა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს, ეს იყო აშკარა ზეწოლა ხელისუფლებიდანგაბაშვილისგან [კულტურისა და სპორტის მინისტრი] და ნამგალაურისგან [სპორტის დეპარტამენტის უფროსი]”.


 


თუმცა, გაბაშვილმა ამ განცხადებას უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, ინიციატივია ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევისა და პატარკაციშვილის გათავისუფლების თაობაზე ფედერაციის ხელმძღვანელებს ეკუთვნით.


 


პიროვნება, რომელიც ქვეყნისა და პრეზიდენტის დისკრედიტაციას ახდენს, არ უნდა იყოს [ოლიმპიური კომიტეტის] პრეზიდენტი,” განუცხადა გაბაშვილმა ჟურნალისტებს.


გავლენიანმა დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან პატარკაციშვილზე შეტევა ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენებიდან ცოტა ხნის შემდეგ დაიწყეს.


”ბატონო ბადრი, არ შეიძლება ინტრიგების ხლართვა და ცილისწამება სხვების საშუალებით, და სხვების ზურგს უკან დამალვა,” – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, ”სირცხვილია ასე გაგრძელება”.


ტელეკომპანია ”რუსთავი 2” 8 ოქტომბერს იტყობინებოდა, რომ პატარკაციშვილმა საქართველო დატოვა და ლონდონში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილის აღიარება გადაიცა ტელევიზიით.


თუმცა, ქართულ საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ის არსად არ გაქცეულა და დასძინა, რომ მას ”საქმიანი შეხვედრა” ჰქონდა ლონდონში და თბილისში 9 ოქტომბერს აპირებდა დაბრუნებას.  


”საქაერონავიგაციის” ხელმძღვანელმა გიორგი კარბელაშვილმა ასევე დაადასტურა, რომ პატარკაციშვილის კერძო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტის დატოვებას 8 ოქტომბერს, დილის 11 საათზე გეგმავდა, თუმცა ფრენა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. თვითმფრინავი იმავე დღეს, დღის 2 საათზე გაფრინდა. ინფორმაცია ოქრუაშვილის აღიარების თაობაზე 8 ოქტომბერს დღის 2 საათზე გახმოვანდა.

 


  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button