ოპოზიცია ოქრუაშვილის ჩვენებების შემდეგ ერთიანობას ინარჩუნებს
ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა გაერთიანებას ბიძგი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებამ მისცა, დღეს განაცხადა, რომ ერთიანობას ინარჩუნებს და კვლავაც აპირებს 2 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი გრანდიოზული მიტინგის ორგანიზებას.
ეს განცხადება ოპოზიციის ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე დღეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც ცნობილი გახდა, რომ გირაოს გადახდის სანაცვლოდ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს გაათავისუფლებენ. გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებებში ოქრუაშვილმა უარყო ის ბრალდებები, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ 25 სექტემბერს, დაკავებამდე 2 დღით ადრე გააკეთა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღიარა, რომ იცრუა და ანტისახელისუფლებო ბრალდებებით პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭას ისახავდა მიზნად.
საქართველო გზის ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ ფონზე ხელისუფლებამ ვერ მიაღწია მიზანს ოპოზიციის დაშლის თაობაზე.
ათი ოპოზიციური პარტია აპირებს გააგრძელოს რეგიონებში კამპანია, რომლის ძირითადი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნების აპრილში ჩატარება და საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო მოდელით შეცვლა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)