skip to content
ახალი ამბები

ცსკ-ს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურაა წარდგენილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარის პოსტზე სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ორი კანდიდატურა შეარჩია. ესენი არიან: ლევან თარხნიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და დროებით უმუშევარი გიორგი გვაჯაია, ხოლო ცსკ-ს წევრის ერთ ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატია წარდგენილი – დავით ზაალიშვილი, დავით კირთაძე და პაატა მანჯგალაძე.


ამის შესახებ 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მიხეილ ნინუამ განაცხადა.


მისი თქმით,საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს შვიდი დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ცსკ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთი კანდიდატურა, ხოლო წევრის თანამდებობაზე – არანაკლებ ორი და არა უმეტეს სამი კანდიდატურისა.


საკონკურსო კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისაგან იყო დაკომპლექტებული. სულ შემოსული 12 განცხადებიდან 9 განცხადება იყო კომისიის წევრის, ხოლო 3 – თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე.


ცსკ-ს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გურამ ჩალაგაშვილი აგვისტოს ბოლოს ენერეგტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button