ახალი ამბები

ნათელაშვილი ვადამდელი არჩევნებისკენ მოუწოდებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ”პოლიტიკური პატიმარია” და მისი პარტია აპირებს მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციაში, რომელიც ოქრუაშვილის მხარდასაჭერად დღეს 14:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ იგეგმება.


”ლეიბორისტულმა პარტიამ, მიუხედავად ცნობილი ნეგატიური დამოკიდებულებისა სააკაშვილის და მისი თანამებრძოლების, მათ შორის ბატონი ირაკლის მიმართ, ამ დღეებში ყველანაირად შეუწყო ხელი ამ პიროვნებას, რათა ეთქვა სრული სიმართლე, თუ რა ბოროტებას წარმოადგენს სააკაშვილის რეჟიმი,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 


მან ასევე მოითხოვა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რადგან ”ქვეყანა იმყოფება უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, საიდანაც გამოსაყვანად საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილებები და რეფორმები”.


”ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ პრეზიდენტისაგან მოეგოს გონს, გადადგეს, დანიშნოს ახალი არჩევნები და გააუქმოს პრეზიდენტის მართლაც დაწყევლილი პოსტი საქართველოში,”- განაცხადა ნათელაშვილმა. 


მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად ლეიბორისტული პარტია განიხილავს მხოლოდ ”კონსტიტუციურ-საარჩევნო ” და ”მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის” გზას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button