ახალი ამბები

ოქრუაშვილი: ‘სააკაშვილმა პატარკაციშვილის მოცილება დამავალა’

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა კიდევ რამდენიმე სერიოზული ბრალდება წამოაყენა მისი ყოფილი მოკავშირის პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ განაცხადა რა, რომ პრეზიდენტმა პირადად დაუკვეთა მას ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია.


25 სექტემბერს საღამოს ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” საუბრისას ოქრუაშვილმა განაცხადა: ”სააკაშვილმა მითხრა, რომ თავიდან უნდა მოგვეშორებინა ის [პატარკაციშვილი] იმ გზით, რა გზითაც ეს მოხდა რაფიკ ჰარირის შემთხვევაში” – ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რომელიც ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად მოკლეს.


”2005 წლის ივლისში სააკაშვილმა მკითხა, თუ რას ვფიქრობდი ერთი ადამიანის მოშორებაზე – ეს იყო ბადრი პატარკაციშვილი. მაშინ მან [სააკაშვილმა] დამისახა ძალიან დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვეშორებინა ის თავიდან,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.


შემდეგ მან განაგრძო: ”ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ ეს იყო ხაფანგი ჩემს წინააღმდეგაც, რადგანაც პატარკაციშვილის მოცილების შემდეგ მეც მომიშორებდნენ”. ოქრუაშვილის თქმით, ამის საპასუხოდ მან უთხრა სააკაშვილს, რომ დრო სჭირდებოდა მოსაფიქრებლად.


”ამასობაში, მე შევხვდი ერთ პიროვნებას, რომელიც მაშინ ამერიკელებთან მუშაობდა და ვუთხარი პრეზიდენტის წინადადების თაობაზე,” – განაცხადა ოქრუაშვილმა, ”მე იმედი მქონდა, რომ ეს ინფორმაცია ამერიკელებამდე მივიდოდა… ეს იყო ზაზა გოგავა [საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი]. თუმცა, შედეგი არ გამოდგა. რადგანაც ერთ თვეში სააკაშვილმა კვლავ მომთხოვა პატარკაციშვილის მოშორება.”


”შემდეგ მეორე ადამიანს შევხვდი თურქეთში, რომლის ვინაობასაც ვერ დავასახელებ და რომელსაც ასევე ახლო კავშირები აქვს ამერიკელებთან, ის არ არის საქართველოს მოქალაქე. მასაც ვაცნობე სააკაშვილის გეგმის შესახებ. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია გადაეცათ ამერიკელებს, რადგანაც მას შემდეგ ჩემთან ამ საკითხზე არ უსაუბრია,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.    


პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, ყოფილი მოკავშირის ბრალდებებზე ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button