პოლიტიკური ექსპერტი ოქრუაშვილზე კომენტარს აკეთებს
ფსონები ძალიან გაიზარდა მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი ”მკვლელობების დაკვეთაში” დაადანაშაულა, განაცხადა პოლიტიკურმა ექსპერტმა ია ანთაძემ.
ამ ბრალდებების გახმოვანების შემდეგ ოქრუაშვილი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაება, განუცხადა ანთაძემ Civil.Ge-ს.
”ოქრუაშვილის პოლიტიკურ არენაზე დაბრუნების მოლოდინი საკმაოდ მაღალი იყო, განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში,” – განაცხადა ანთაძემ, ”თუმცა, მან სანდო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს თავისი განცხადებების დასასაბუთებლად და მხარდაჭერის მოსაპოვებლად. აქამდე ჩვენ მისგან მოვისმინეთ მხოლოდ სიტყვები, რომლებისაც ზოგს შეიძლება სჯეროდეს, ზოგს არა”.
ანთაძის თქმით, ოქრუაშვილის სიძლიერე იმ ფაქტში მდგომარეობს, რომ იგი სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი წევრია.
”ყველა ოპოზიციური პარტიის სისუსტე გამოიხატებოდა მათ უუნარობაში ნათლად წარმოეჩინათ და დაესაბუთებინათ თავიანთი განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ,” – განაცხადა ანთაძემ, თან იქვე დასძინა, რომ ოქრუაშვილის, როგორც ოპონენტის პოლიტიკაში დაბრუნებით სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)