ახალი ამბები

”რუსთავი 2”: კოდორში დაკავებული ექვსი პირიდან ოთხი რუსია

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ცნობით, კოდორის ხეობაში 20 სექტემბერს მომხდარი შეტაკების შედეგად დაკავებული ექვსი მებრძოლიდან ოთხი რუსია, ხოლო ორი ეთნიკური აფხაზი.


ტელეკომპანია ასევე იტყობინება, რომ ორი მოკლულიდან ერთი ასევე რუსია, რომელიც სავარაუდოდ დივერსანტთა ჯგუფს მეთაურობდა.    


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ექვსივე დაკავებული ზუგდიდში გადაიყვანა, კომენტარი ამ ინფორმაციაზე ჯერ არ გაუკეთებია.


ქართული მხარის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა ზემო კოდორის ხეობაში აღმოაჩინა დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც ხეობასთან დამაკავშირებელი მშენებარე გზის პარალიზებას გეგმავდა.


თუმცა, აფხაზური მხარის ცნობით, ქართული შეიარაღებული ჯგუფი ტყვარჩელის რაიონში თავს დაესხა მესაზღვრეთა საწვრთნელ ბანაკს. 


იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა მოუწოდა აფხაზურ მხარეს დაუყონებლივ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი ქართულ მხარესთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. ”აშკარაა, რომ მესამე ძალა ცდილობს შეაფერხოს დიალოგი ჩვენს შორის,” – განაცხადა მან. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button