ბაღაფში სოჭში საინვესტიციო ფორუმს დაესწრება
აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში 20 სექტემბერს სოჭში საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, სადაც შეეცდება თვითგამოცხადებული რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობების წამოწევას.
”ეს მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც საინვესტიციო პროექტები იქნება განხილული [2014 წლის] სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების კონტექსტში,” – იტყობინება ბაღაფშის პრეს-სამსახური მის სიტყვებზე დაყრდნობით, ”აფხაზეთისთვის, რომელმაც უკვე გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტებში, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია”.
ბაღაფშთან ერთად სოჭში გაემგზავრნენ ეკონომიკის მინისტრი კონსტანტინე ოზგანი, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ ლაკერბაია და აფხაზეთის ენერგოკომპანიის ”ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელი რეზო ზანთარია.
რუსული სააგენტოების ცნობით, სოჭის საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც დაახლოებით 10 000 ბიზნესმენი და პოლიტიკური მოღვაწე მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)