ევროპის საბჭოს დელეგაცია ცხინვალის რეგიონს სტუმრობდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები მატიას იორში და კასტრიო ისლამი დღეს ცხინვალის რეგიონს სტუმრობდნენ.
მათ შეხვედრები გამართეს როგორც დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან, ისე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
”ჩვენ ჩვენი ხედვა გავაცანით და აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი არის სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნა საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში,”- განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი სანაკოევმა ევროპის საბჭოს პარლამენტარებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ცხინვალში მატიას იორშმა და კასტრიო ისლამმა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერთან ზნაურ გასიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მურატ ჯიოევთან გამართეს მოლაპარაკებები.
”ჩემი აქ ყოფნის მიზანია მოვისმინო ოსების შეხედულებები, რა გარანტიები ესაჭიროებათ მათ და მივიტანო ეს ქართულ მხარემდე,”- იუწყება 13 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი მატიას იორშის სიტყვებზე დაყრდნობით.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც საქართველოს 11-16 სექტემბერს სტუმრობს, ხვალ სოხუმში გაემგზავრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)