პრეზიდენტი განათლების სისტემაზე საუბრობს
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, განათლების სისტემის სრულყოფა პრიორიტეტული მიმართულებაა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ ამ მხრივ ”თავი გამოიჩინოს მსოფლიოში”.
”საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, საქართველოს გაერთიანებასთან ერთად პრიორიტეტულია განათლება, განათლებული საზოგადოების შექმნა და განათლების სექტორში დასაქმებული ადამიანების წინსვლა, კიდევ უფრო უკეთ მომზადება და დაფასება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა პრეზიდენტმა დღეს ბორჯომში მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასი 1 იანვრიდან 200 ლარამდე გაიზრდება და ”ეს ზრდა გაგრძელდება”.
”ჩვენ 2010 წლისთვის არ დაგვრჩება საქართველოში არცერთი სკოლა, სადაც არ იქნება თანამედროვე გათბობა, ყველა სკოლას ექნება იმდენი კომპიუტერი, რამდენიც არის მოწინავე ქვეყნების სკოლებში, ყველა სკოლას ექნება ახალი ინვენტარი და ახალი სახელმძღვანელოები,”- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, განათლების სისტემაში ამჟამად კონკურენციის პრინციპი დომინირებს მაშინ, როცა წლების წინ პროტექცია და კორუფცია ყვაოდა.
”ჩვენ დავიწყეთ შრომის და ცოდნის დაფასება,”- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, განათლების სისტემაში აუცილებელია ”ახალი იდეოლოგიის” შექმნა, რომელიც დაამარცხებს 90-იან წლებში გაჩენილი ”დამარცხებულის ფსიქოლოგიას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)