ახალი ამბები

მიომირ ჟუჟული: რთულია 6 აგვისტოს ინციდენტზე ”მკაფიო წარმოდგენის შექმნა”

6 აგვისტოს ინციდენტი ”უკიდურესად საშიში და შემაშფოთებელი” იყო, განაცხადა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიომირ ჟუჟულმა 6 სექტემბერს. 


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა, მიომირ ჟუჟული, ხორვატიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თავის სპეციალურ წარმომადგენლად ინციდენტის დეტალების შესწავლის მიზნით დანიშნა. თბილისსა და მოსკოვში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ ჟუჟულმა ინციდენტის შესახებ მომზადებული მოხსენება 6 სექტემბერს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს წარუდგინა.


საბჭოს სხდომის შემდეგ ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ჟუჟულმა განაცხადა, რომ მისი მოხსენება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, ”თუ როგორ უნდა იქნას აცილებული მსგავსი ინციდენტები და როგორ გავუმკლავდეთ მას, თუ ის მაინც განმეორდა”.


როგორც მოსალოდნელი იყო, მოხსენება ინციდენტის მოწყობაში რუსეთს არ ადანაშაულებს – როგორც ეს თბილისს სურდა.


Associated Press-ი ჟუჟულის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ”ძალიან რთულია მკაფიო წარმოდგენა შეგექმნას იმაზე”, თუ კონკრეტულად რა მოხდა. მისი თქმით, ექსპერტთა მონაცემები ინციდენტის თაობაზე  საპირისპიროა.


საერთაშორისო ექსპერტების ორმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა ქართული მხარის ვერსიას, რომ 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცე სულ ცოტა ერთმა რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია, მართვადი ანტი-სარადარო რაკეტა ჩამოაგდო და უკანვე რუსეთის ფედერაციაში გაბრუნდა. თუმცა, რუსული საგამოძიებო ჯგუფი უარყოფს საჰაერო სივრცის დარღვევას. მისი თქმით, ქართულმა მხარემ დადგა ინციდენტი, რათა შემდეგ ეს რუსეთისთვის დაებრალებინა.


”ჩვენ არ ვართ არც პროკურორები, არც მოსამართლეები, რათა განვსაჯოთ სინამდვილეში რა მოხდა,” – განაცხადა ჟუჟულმა.


მოხსენების მხოლოდ ის ნაწილი გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნას თავიდან აცილებული მსგავსი ინციდენტები. მოხსენების დანარჩენი ნაწილი ეუთოს ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა. 


”ეუთოს უნდა გააჩნდეს სწრაფი რეაგირების მექანიზმები, რათა დაუყოვნებლივ ჩაერიოს ამგვარ საკითხებში,” – განაცხადა ჟუჟულმა. ”უნდა არსებობდეს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა, რათა კრიზისის წარმოქმნის შემთხვევაში დაუყონებლივ იქნას ადგილზე მივლენილი”.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button