skip to content
ახალი ამბები

ბაქრაძე: შსკ-ს სხდომა თბილისში სავარაუდოდ თვის ბოლოს გაიმართება

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა თბილისში სავარაუდოდ სექტემბრის მეორე ნახევარში ჩატარდება, განაცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ 5 სექტემბერს.


თბილისი მხარეებს შსკ-ს სხდომის ჩატარებას კვლავ ეუთოს მისიის ოფისში სთავაზობს, როგორც ეს აგვისტოში იგეგმებოდა. თუმცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მაშინ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის მოტივით სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.


”ჩვენი შეთავაზება ძალაშია, ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ და მონაწილეობა მივიღოთ ამ კომისიის სხდომაში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


თუმცა მან ასევე დასძინა, რომ სხდომის გამართვამდე არსებობს კითხვები, რომელზეც პასუხს ქართული მხარე რუსეთისგან ელის.


”ეს შეკითხვები უკავშირდება როგორც 6 აგვისტოს დაბომბვის ფაქტს, ისე ზოგადად რუსეთის მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კონფლიქტის ზონებთან მიმართებაში,” – აღნიშნა ბაქრაძემ. 


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულმა ოფიციალურმა განცხადებამ, რომელშიც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერი ედუარდ კოკოითი მოიხსენიება, როგორც ”სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკის პრეზიდენტი”, შესაძლოა ასევე ხელი შეუშალოს სხდომის ჩატარებას.


”ამგვარი განცხადებები არ დაეხმარება შსკ-ს სხდომის ჩატარებას და ეს ასევე ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის როგორც შუამავლის როლს,” – განაცხადა ბაქრაძემ.


თბილისი შერეულ საკონტროლო კომისიას ”მოძველებულს და უსამართლოს” უწოდებს და მისი ფორმატის შეცვლა სურს.


შსკ-ს ბოლო პლენარული სხდომა ვლადიკავკაზში გასული წლის ოქტომბერში გაიმართა. მას შემდეგ თბილისი სხვადასხვა მიზეზით კომისიის სხდომებს იგნორირებას უკეთებს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 30 აგვისტოს, სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის მოსკოვში ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება სხდომის თბილისში გამართვის თაობაზე.


თუმცა, მიუხედავად ამ შეთანხმებისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პლენარული სხდომა სექტემბრის ბოლოს თბილისში გაიმართება.


  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button