ახალი ამბები

ესპანელი ექსპერტები სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრაში ჩაერთვებიან

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში ექსპერტებს გამოაგზავნის სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელ სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიზნით. 


ამის შესახებ განცხადება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ 4 სექტემბერს მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისში ვიზიტად მყოფ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მიგელ ანხელ მორატინოსთან გამართა შეხვედრა.


”ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული პირობაა, ვინაიდან სწორედ ესპანეთი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს ევროპაში, თუ როგორ შეიძლება რეგიონის მაღალი ავტონომიის ხარისხის პოლიტიკური უფლებების დაცვა და ამავდროულად სახელმწიფოს ერთიანობის უზრუნველყოფა,”- განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.


სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია ზაფხულში შეიქმნა და მას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობს. კომისიამ უკვე გამართა ორი სხდომა თბილისსა და თამარაშენში, მესამე შეხვედრა უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, თბილისში შედგება.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button