საკადრო ცვლილებები მთავრობაში
საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ვლადიმერ ჭიპაშვილი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა 29 აგვისტოს.
მისი განცხადებით, ჭიპაშვილს გარემოს დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი შეცვლის. ხოლო ამ უკანასკნელის მოადგილე, დავით ჩანტლაძე გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
ლადო ჭიპაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდება. ”ამჟამინდელი ელჩი კახა სიხარულიძე კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრუნდება,” განაცხადა ქიტოშვილმა.
მან საკადრო ცვლილებების მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ცვლილება კვლავ მოსალოდნელია.
2006 წლის ივლისიდან, როდესაც მთავრობამ ბოლოჯერ მოიპოვა პარლამენტის ნდობა, საქართველოს მთავრობაში უკვე, სულ ცოტა, შვიდი მინისტრი გამოიცვალა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა დაასახელოს იმ შემთხვევაში, თუ მინისტრების ერთი მესამედი შეიცვლება.
”ეს სავარაუდოდ სექტემბერში მოხდება, როდესაც პარლამენტი ხელახლა შეიკრიბება. და გარდა ზემოთ ხსენებულისა, მთავრობაში სხვა ცვლილებებიცაა მოსალოდნელი,” – დასძინა ქიტოშვილმა.
მედიის ვარაუდით, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გია ხევიაშვილი ვერ შეძლებს თანამდებობის შენარჩუნებას ახალ მთავრობაში.
ჭიპაშვილიც და ხევიაშვილიც ბოლო დროს გახმაურებული სკანდალის გამო მოექცნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში. საქმე ეხებოდა ოფიციალური პირების მკურნალობისთვის სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენებას.
ტელეკომპანია ”იმედი” ივლისში იტყობინებოდა, რომ დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ბესო ჯუღელმა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გია ხევიაშვილმა, შესაბამისად, 10 000 შვეიცარული ფრანკის (8 200 აშშ დოლარი) და 1 270 ევროს სახელმწიფო დაფინანსება მოითხოვეს თავიანთი მკურნალობის დასაფინანსებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ მათ ეს თანხები გამოუყო.
როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჭიპაშვილს განმარტებები მოსთხოვა, მან უპასუხა ივლისის ბოლოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, რომ მისმა სამინისტრომ ”ერთი თეთრიც კი არ გადარიცხა ხევიაშვილის სამედიცინო მკურნალობაზე”.
ახალ მთავრობაში სხვა რაიმე სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება. თუმცა, ბოლო დროს ვრცელდებოდა ქართული მედიის ზოგიერთი საშუალების ვარაუდები იმის თაობაზე, რომ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს შესაძლოა საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეცვლის. ეს უკანასკნელი სექტებერში რამდენიმე დასავლურ ქვეყანას, მათ შორის ნატოს წევრ სახელმწიფოებს ეწვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)