skip to content
ახალი ამბები

სავარაუდოდ ჩამოგდებული თვითმფრინავის ძებნა გრძელდება

ქართული მხარე განაგრძობს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევების ძებნას, რომელიც ქართულმა ძალებმა ზემო კოდორის ხეობის მაღალმთიან ზონაში ჩამოაგდეს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 25 აგვისტოს ოფიციალური განცხადება გააკეთა, თუმცა ამოუცნობი საფრენი აპარატის ჩამოგდების გარშემო არსებული გარემოებების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.


”22 აგვისტოს, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის დროს, ჩვენი მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღით გახსნილი იქნა გამაფრთხილებელი ცეცხლი; ამის შემდეგ ფრენა შეწყდა,” – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა.


”მივმართავთ რუსეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ერთობლივად იქნას გამოძიებული საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი,” – დასძინა მან.


ინფორმაცია პირველად 24 აგვისტოს საღამოს გავრცელდა, როდესაც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ქართულმა ძალებმა 23 აგვისტოს ზემო კოდორის ხეობის თავზე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს (თუმცა, ხიზანიშვილის თქმით, საჰაერო სივრცე 22 აგვისტოს დაირღვა).


თვითმფრინავის ნამსხვრევები ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის, რადგანაც, გავცელებული ინფორმაციით, ის ხეობის საკმაოდ მოშორებულ ადგილას ჩამოვარდა. თუმცა, თვითმხილველებმა ”რუსთავი 2”-ს განუცხადეს ტელეფონით, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე კვლავ შეინიშნება შავი კვამლი.


უცნობია, თვითმფრინავი რუსულ მხარეს ეკუთვნოდა, თუ აფხაზურს. იმ პერიოდში კოდორის ხეობის მახლობლად  აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებდნენ სულ ცოტა ორი სამხედრო ვერტმფრენის და ორი თვითმფრინავის მონაწილეობით.      


რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის თანაშემწემ ალექსანდრე დრობიშევსკიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და მას ”კიდევ ერთი პროვოკაცია” უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button