ახალი ამბები

თბილისი ადასტურებს კოდორში თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს

ზემო კოდორის ხეობაში განთავსებულმა ქართულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს თვითმფრინავს და ჩამოაგდეს ის. ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 23 აგვისტოს მოხდა, თუმცა ინფორმაცია ერთი დღის დაგვიანებით გავრცელდა.


ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავის სახეობის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგანაც ის საკმაოდ მოშორებულ ადგილას ჩამოვარდა. ასევე უცნობია, თვითმფრინავი რუსულ მხარეს ეკუთვნოდა, თუ აფხაზურს. იმ პერიოდში კოდორის ხეობის მახლობლად  აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებდნენ სულ ცოტა ორი სამხედრო ვერტმფრენის და ორი თვითმფრინავის მონაწილეობით.


ინციდენტის გარშემო ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც კოდორის ხეობიდან ტელეფონით ესაუბრა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს, განაცხადა, რომ თვითმფრინავი აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ლათას მახლობლად ჩამოვარდა. ”ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ახლაც მოსჩანს შავი კვამლი კატასტროფის ადგილიდან,” – განუცხადა მან ”რუსთავი 2”-ს.


სხვა ინფორმაციით, თვითმფრინავი ზემო კოდორის ხეობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა შეუძლებელი გახდა ინციდენტის ადგილამდე მისვლა მისი მთიანი ადგილმდებარეობის გამო. 


რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის თანაშემწემ ალექსანდრე დრობიშევსკიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და მას ”კიდევ ერთი პროვოკაცია” უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button