სტრასბურგის სასამართლო ლეიბორისტების სარჩელზე იმსჯელებს
სტრასბურგში განთავსებული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო 4 სექტემბერს იმსჯელებს იმ სარჩელზე, რომლითაც ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდა.
ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, 2004 წლის 28 მარტს არჩევნების დროს დარღვევების შედეგად მას უკანონოდ ჩამოერთვა ადგილები პარლამენტში.
ეს საკითხი საქართველოში დიდ ინტერესს გამოიწვევს, რადგანაც ეს პირველი საქმეა, რომელიც ევროპის სასამართლოში სააკაშვილის ადმინისტრაციას უშუალოდ შეეხება.
ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის მაშინდელ ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის არსებული დაპირისპირების შედეგად 28 მარტს აჭარის ორ საარჩევნო ოლქში – ქობულეთსა და ხულოში არჩევნები ჩაიშალა. განმეორებითი არჩევნები 18 აპრილს დაინიშნა, თუმცა საარჩევნო უბნები არ გახსნილა, რის შედეგადაც დაახლოებით 60 000 ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა.
იმავე დღეს, 18 აპრილს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევმა კომისიამ ზურაბ ჭიაბერაშვილის ხელმძღვანელობით (ამჟამად, იგი საქართველოს ელჩია ევროპის საბჭოში) არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა, აჭარის ორი ოლქის მონაცემების გაუთვალისწინებლად. ლეიბორისტულმა პარტიამ 6.01% მიიღო, მაშინ როცა საარჩევნო ბარიერის გადასალახავად 7%-ის მოგროვება იყო საჭირო.
ლეიბორისტული პარტია პრეტენზიებს გამოთქვამს 2004 წლის 28 მარტის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი ოქმის მე-3 მუხლზე დაყრდნობით, რომელიც თავისუფალი არჩევანის უფლებას ეხება.
”კერძოდ, ის ეჭვქვეშ აყენებს ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის სისტემას,” – აცხადებს ევროპის სასამართლო 23 აგვისტოს გავრცელებულ პრეს-რელიზში.
”პარტიის განცხადებით, ცსკ-ს წევრების უმეტესობა მმართველი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები იყვნენ და კომისია გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებდა, რაც საშუალებას აძლევდა მას უგულვებელეყო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საპროტესტო განცხადებები საარჩევნო დარღვევების თაობაზე. პარტია ასევე აცხადებს, რომ მას წაერთვა შესაძლებლობა მოეპოვებინა საპარლამენტო მანდატები, რადგანაც არჩევნების საერთო შედეგები გამოქვეყნდა ორ ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გათვალისწინების გარეშე,” – ნათქვამია პრეს-რელიზში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)