skip to content
ახალი ამბები

საქართველო საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო საზოგადოებამ რეაგირება უნდა მოახდინოს და ”პრევენციული დიპლომატია” უნდა ამოქმედდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული 6 აგვისტოს მსგავსი ინციდენტები, განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 22 აგვისტოს ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, 6 აგვისტოს საქართველოზე განხორციელებული იერიშის დროს რუსეთს რამდენიმე მიზანი ამოძრავებდა: ”დაეშინებინა საქართველო, შეეფასებინა საქართველოს სამხედრო მზადყოფნა და გამოეცადა საერთაშორისო საზოგადოება, თუ რამდენად დაიცავდა ის საქართველოს, როგორც ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოს”.


”რუსეთს ასევე უნდოდა ეჩვენებინა, ვის უკავია დომინანტური ადგილი რეგიონში,” – დასძინა მან.


პრესკონფერენციაზე საუბრისას ალასანიამ დასავლელი ექსპერტებისგან შემდგარი ორი დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის დასკვნები წარმოადგინა. ორივე ჯგუფმა 6 აგვისტოს ინციდენტის მტკიცებულებები შეისწავლა. მათი დასკვნებით, სულ ცოტა ერთი თვითმფრინავი შემოფრინდა რუსეთის ფედერაციიდან, რაკეტა გამოისროლა საქართველოს ტერიტორიაზე და უკანვე, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნდა.


ალასანიას თქმით, რუსეთს ”სიმართლის დამალვა” სურს და ამიტომაც ბლოკავს საკითხის განხილვას გაეროს უშიშროების საბჭოში, რათა ”დამალოს მისი მონაწილეობა” ინციდენტში.


საქართველოს ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ”თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით” მოეკიდა ამ საკითხს, თუმცა, რუსეთი კვლავაც განაგრძობს თავის არათანამშრომლურ პოზიციას და არ იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს ინციდენტს.


ალასანიამ რუსეთის ელჩი გაეროში ვიტალი ჩურკინიც გააკრიტიკა 21 აგვისტოს გაკეთებული განცხადების გამო. ამ უკანასკნელმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა რუსეთის პოზიცია, რომ საქართველომ თავად დადგა ეს ინციდენტი მოსკოვის დისკრედიტაციის მიზნით.


”ეს ისეთი აბსურდია, რომ ამ მინდა მასზე კომენტირებისთვის თქვენი და საკუთარი დრო დავკარგო,” – განუცხადა ქართველმა დიპლომატმა ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button