მოსკოვი აკრიტიკებს თბილისს დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით
რუსეთმა თითი თბილისისკენ გაიშვირა განაცხადა რა, რომ 6 აგვისტოს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთან მომხდარი თავდასხმა თბილისის მიერ იყო ორგანიზებული შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით.
საქართველო აცხადებს, რომ SU-24 ტიპის რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია და ”ჰაერი-მიწის” ტიპის რაკეტით დაბომბა საქართველოს ტერიტორია კონფლიქტის ზონის შიდა ქართლის მიდამოებში.
თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა არა SU-24 ტიპის, არამედ SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი. SU-24-ისგან განსხვავებით, საქართველოს შეიარაღებაში გააჩნია SU-25 ტიპის თვითმფრინავები.
”ყოველთვის, როცა ჩნდება შსკ-ს ფორმატში მოლაპარაკებებზე გასვლის ნიშნები, ხდება პროვოკაციების ორგანიზება იმის დასამტკიცებლად, რომ არაეფექტურია რუსეთის მონაწილეობით შექმნილი მოლაპარაკებათა და სამშვიდობო მექანიზმები,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შსკ-ს ფორმატში შეხვედრა, რომელშიც ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები მონაწილეობენ, თბილისში 9-10 აგვისტოს იგეგმებოდა. თუმცა, ეს სხდომა ჯერ კიდევ მანამდე ჩაიშალა, სანამ 6 აგვისტოს დაბომბვა მოხდებოდა. სამხრეთ ოსეთის მხარემ უარი თქვა კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის მოტივით. ცხინვალის სურვილი იყო მოლაპარაკებები რუსეთის საელჩოში გამართულიყო მაშინ, როცა ქართული მხარე ეუთოს მისიის ოფისს სთავაზობდა სხდომის ჩატარების ადგილად.
იმის მიუხედავად თუ რა გახდა სხდომის ჩაშლის მიზეზი, ეს მხოლოდ დაეხმარა თბილისს დიპლომატიური უპირატესობა მოეპოვებინა მოსკოვთან დაპირისპირებაში, რომელიც მოლაპარაკებათა ფორმატს უკავშირდება. მოსკოვს სურს შეინარჩუნოს შსკ, როგორც მოლაპარაკებათა ერთადერთი მექანიზმი. თუმცა თბილისი ცდილობს დროდადრო თავი აარიდოს ამ ფორმატში მოლაპარაკებებს. რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, რომელიც კურირებს ამ მოლაპარაკებებს, საქართველოს 6 აგვისტოს ესტუმრა შსკ-ს ფორმატში შეხვედრის ორგანიზების მიზნით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ 6 აგვისტოს ინციდენტი სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული. ”ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გამოძიება… გამოავლენს რეალურ ორგანიზატორებს და მოთამაშეებს ამ ძალიან სახიფათო თამაშში”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)