ახალი ამბები

რუსი დიპლომატები საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაზე კომენტარს აკეთებენ

საქართველოში რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო გამორიცხავს რუსეთის მონაწილეობას თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მახლობლად 6 აგვისტოს მომხდარ დაბომბვაში.


”მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამაზე. ჰკითხეთ მათ, ვინც ამ აქციის ორგანიზება მოახდინა,”- განუცხადა კოვალენკომ 7 აგვისტოს ჟურნალისტებს.


მან კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც წარუდგინეს ინფორმაცია მომხდარი ინციდენტის თაობაზე. ქართული მხარე აცხადებს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე  რუსეთიდან შემოფრენილმა მოიერიშე SU-24 ტიპის თვითმფრინავებმა დაარღვიეს და ტერიტორია დაბომბეს. 


”ეს იარაღი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და ეს თვითმფრინავები მთელ მსოფლიოში დაფრინავენ. სხვათა შორის, SU ტიპის თვითმფრინავები არის ასევე ქართულ შეიარაღებულ ძალებში,”- აღნიშნა კოვალენკომ.


იმავდროულად, რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, რომელიც სამხრეთ ოსეთის საკითხებში მომლაპარაკებლის სტატუსით სტუმრობს საქართველოს, აცხადებს, რომ დაბომბვა განახორციელა SU-24 და არა SU-25 ტიპის თვითმფინავმა, როგორც ამას ქართული მხარე აცხადებს.

SU-25 ტიპის თვითმფრინავი ქართულ შეიარაღებულ ძალებსაც გააჩნია.


თბილისი აცხადებს, რომ ხელთ აქვს სარადარო მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ მოიერიშე თვითმფრინავები რუსეთის საჰაერო სივრციდან შემოფრინდნენ.


”ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ინციდენტთან დაკავშირებით,”- აცხადებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი.


მისი თქმით, სამშვიდობოებმა უკვე დაათვალიერეს ერთი ბომბის ჩამოვარდნის ადგილი, მეორე ბომბის ადგილმდებარეობას კი ეძებენ.


”დარწმუნებული ვარ, რომ ვიპოვით მას,”- დასძენს კულახმეტოვი.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button