ახალი ამბები

შსკ-ს რუსული მხარის თანათავმჯდომარე თბილისსა და ცხინვალში შეხვედრებს გამართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი,  შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსული მხარის თანათავმჯდომარე იური პოპოვი 6-8 აგვისტოს თბილისსა და ცხინვალში კომისიის ქართველ და სამხრეთ ოსური მხარის კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს, იუწყება ”რია ნოვოსტი” 6 აგვისტოს.


შეხვედრაზე განიხილება შსკ-ს პლენარული სხდომის ჩატარების საკითხი, რომელიც 9-10 აგვისტოს თბილისში, ეუთოს ოფისში იგეგმებოდა.

თუმცა 3 აგვისტოს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ თბილისში უსაფრთხოების გარანტიების არსებობის მოტივით უარი განაცხადა ამ სხდომაში მონაწილეობაზე. ბორის ჩოჩიევმა, შსკ-ს თანათავმჯდომარემ სამხრეთ ოსური მხრიდან 4 აგვისტოს განაცხადა, რომ ცხინვალი მზადაა კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში არ ჩატარდება.


”ჩვენ უნდა განვიხილოთ საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის განმუხტვა უნდა მოჰყვეს”, – განუცხადა ”რია ნოვოსტის” იური პოპოვმა.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, იური პოპოვი შსკ-ს ქართული მხარის თანათავმჯდომარეს, სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს 7 აგვისტოს შეხვდება.


 

Back to top button